
ინდოეთში „ტარაკნების მოძრაობის“ ლიდერები დააკავეს, რომლებმაც ბარიკადები გადალახეს და ინდოეთის საარჩევნო კომისიის ტერიტორიაზე შესვლა სცადეს.
მედიის ცნობით, მოძრაობის ლიდერები საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის გადადგომას ითხოვდნენ.
ინდოეთში პროტესტის მონაწილეები საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის საქმიანობას აპროტესტებენ და მის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ. მათი მოთხოვნა საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ უკმაყოფილებას უკავშირდება.
ამასთან, „როიტერი“ წერს, რომ „ტარაკნების მოძრაობის“ დემონსტრაციას ათასობით ადამიანი შეუერთდა, დაპირისპირების დროს კი პოლიციამ ასობით მომიტინგე დააკავა.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ქვეყნის საარჩევნო რეფორმა და ამომრჩეველთა სიების განახლებასთან დაკავშირებული ცვლილებები შესაძლოა, მმართველ პარტიას უპირატესობას აძლევდეს. მათი თქმით, სიებიდან მილიონობით ადამიანი ამოიღეს, რაც მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას უზღუდავს.
ინდოეთის საარჩევნო კომისია და მმართველი პარტია ბრალდებებს უარყოფენ. მათი განმარტებით, სიების გადამოწმების მიზანი იმ ადამიანების მონაცემების ამოღებაა, რომლებსაც ხმის მიცემის უფლება არ აქვთ.
ცნობისთვის, „ტარაკნების მოძრაობა“ ახალგაზრდული მოძრაობა, რომელმაც აღნიშნული სახელი მას შემდეგ დაირქვა, რაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ პროტესტის მონაწილეები „ტარაკნებად“ მოიხსენია.
ინდოეთის საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა სიების განახლება შეცვალა „სპეციალური ინტენსიური გადასინჯვით“, რომლის ფარგლებშიც კომისიის თანამშრომლები სახლებში დადიან, ამომრჩევლები აღრიცხვის ფორმას ავსებენ, მოქალაქეებმა თავად უნდა დაადასტურონ ასაკი და მოქალაქეობა, რაც ადრე საჭირო არ იყო. იმ შემთხვევაში თუ კომისიის წარმომადგენლები მოქალაქეებს შესავსებ ფორმას ვერ გადასცემენ ან ამომრჩევლები საბუთებს ვერ წარადგენენ, მათ სიიდან ამოიღებენ. ამასთან, მილიონობით პირი, რომელსაც მუდმივი საცხოვრებელი და საბუთები არ აქვს, სავარაუდოდ, არჩევნებში ხმის მიცემას ვერ შეძლებს.
ინდოეთის საარჩევნო კომისიაში კი აცხადებენ, რომ ღონისძიება მიზნად ისახავს ხმის რამდენჯერმე მიცემის პრევენციას და საარჩევნო სიებიდან გარდაცვლილთა წაშლას.
0
0