14/01/2025
16:51
პოლიტიკა
ეუთო-ს დამკვირვებლებს საქართველოში არჩევნების დროს მნიშვნელოვანი დარღვევები არ დაუფიქსირებიათ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ნახეთ, როგორ დასცინიან ქართველ ხალხს. სხვათა შორის, გვაბრალებდნენ, რომ იქ რაღაც მოვაწყვეთ. ეუთო-ს დამკვირვებლებს მნიშვნელოვანი დარღვევები არ დაუფიქსირებიათ. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი გაკეთდა სწორად, ლეგიტიმურად, მაგრამ არა, მათ ეს არ მოსწონთ“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
ამასთან, ლავროვის თქმით, ვენესუელაში ნიკოლას მადუროს ინაუგურაციის შემდეგ ოპოზიციის ლიდერებმა, ედმუნდო გონსალესმა და ხუან გუაიდომ შესაძლოა, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მაგალითს მიბაძონ.
„ალბათ, ე.წ. პრეზიდენტები გონსალესი და გუაიდო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მაგალითს მიჰყვებიან. მან ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე განაცხადა, რომ არსად წავიდოდა და როგორც საქართველოში ძალაუფლების ერთადერთი ლეგიტიმური წყარო სასახლეში დარჩებოდა და ბრძანებებს გასცემდა. დილით კი წავიდა და რომელიღაც ანალიტიკურ ცენტრში მუშაობა დაიწყო. ამაზე კომენტარის გაკეთება რთულია, რადგან ეს თვალთმაქცობაა, ადამიანების უპატივცემულობაა და საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასებაა“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
0
0