20/03/2023
13:40
პოლიტიკა
ევროკავშირში სამუშაო ვიზიტით მყოფმა 3-მა პარტიამ, დროამ, გირჩი - მეტი თავისუფლებამ და სტრატეგია აღმაშენებელმა, მედიასთან სტრასბურგსა და ბრიუსელში გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით ისაუბრეს.
ოპოზიციური პარტიების ლიდერების თქმით, მარტის აქციების შემდეგ საქართველოს მიმართ ევროკავშირის დამოკიდებულება პოზიტიურად შეიცვალა, თუმცა ჯერ კიდევ რჩება საკითხები, რომელთა გადაჭრაც აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანამ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს.
"პრობლემები სადაც არის, ეს არის ორი ძირითადი მიმართულება, ერთი მიმართულება ეხება ღირებულებით ნაწილს, იგულისხმება ის, რომ ამ ოფიციალურ სტრუქტურებში ვერ ხედავენ ქართული ოცნების მხრიდან მზაობას, რომ მოხდეს დემონსტრირება, რომ ჩვენ, საქართველო ვიზიარებთ იმ ღირებულებებს, რომლებიც არის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი ევროკავშირის - ეს ეხება სასამართლოს დამოუკიდებლობას, თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარების სურვილს, პოლიტიკური პატიმრების არყოლას ქვეყანაში, თავისუფალი და პლურალისტური მედია გარემოს არსებობას ქვეყანაში". - ამბობს გირჩი-მეტი თავისუფლებას ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე.
ზურაბ ჯაფარიძის თქმით, დასავლელი პარტნიორები პრობლემურად უყურებენ საქართველოს დამოკიდებულებას უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით - „მათ გაარკვიეს, სად არის საქართველო და საქართველო არ არის უკრაინის“.
მედიასთან კომენტარი ამ თემაზე ასევე გააკეთა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, მისი თქმით, დღეს არის იმის შანსი, რომ წლის ბოლოს საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს, თუმცა ამისთვის სამი ძირითადი კომპონენტის შესრულებაა საჭირო.
"პირველ რიგში, ესაა თორმეტი პუნქტი და რეფორმების შესრულება, არცერთ შემთხვევაში დეოლიგარქიზაციის კანონი და მართლმსაჯულების კანონი, რაზეც ახლა ქართული ოცნება საზოგადოებას ეუბნება, რომ თითქოს ვინმეს მოეწონა, ეს არ იქნება ჩათვლილი რეფორმის შესრულებად, ეს წერია ვენეციის დასკვნაში და ეს არის ჩვენი ევროპელი კოლეგების მოსაზრება". - თქვა გიორგი ვაშაძემ.
ვაშაძემ ასევე თქვა, რომ დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს თავდასხმა დასავლელ პარტნიორებზე, რადგანაც „ყველა ვინც იყო საქართველოს ელჩი იმაში, რომ საქართველო გაწევრიანებულიყო ევროკავშირში, ფაქტობრივად, გადაიმტერა საქართველოს ხელისუფლებამ".
0
0