
ცხინვალში განაცხადეს, რომ განახლდა მუშაობა ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ „საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ" შეთანხმებაზე.
„კიდევ ერთხელ ვცდილობთ დავუბრუნდეთ ამ პროექტს, დავხვეწოთ და შევავსოთ იგი. ჩვენი მიზანია შევქმნათ სრულფასოვანი პოლიტიკური დოკუმენტი, რომელიც მიუთითებს საქართველოს უარი თქვას ძალის გამოყენებაზე სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დავების დროს“, - განაცხადა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა კონსტანტინე კოჩიევმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ ახალი დოკუმენტის პროექტზე მუშაობა ჟენევის დისკუსიების ფარგლებში მომავალ შეხვედრაზე დაიწყება, წერს SOVA.
„ჩვენ არ ველით, რომ ეს იქნება სწრაფი და მარტივი პროცესი, მაგრამ ეს აუცილებელია“, - აღნიშნა მან.
კოჩიევმა გაიხსენა, რომ მსგავსი დოკუმენტის შემუშავება, ჯერ კიდევ, 2017 წელს მიმდინარეობდა. თუმცა, მას თბილისმა ხელი არ მოაწერა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რამდენიმე პროექტი მოამზადეს მოსკოვმა, ცხინვალმა და სოხუმმა, მაგრამ თბილისმა „ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ხელი არ მოეწერა ამ დოკუმენტისთვის“.
„შედეგად, რუსულმა მხარემ პირველ ნაბიჯად შესთავაზა ერთობლივი განცხადების ხელმოწერა ყველა მონაწილის ერთგულების შესახებ ძალის გამოუყენებლობის პრინციპისადმი. მაგრამ ქართულ მხარეს კატეგორიულად არ სურდა თუნდაც ასეთ პოლიტიკურ დოკუმენტზე ხელმოწერა. ეს იყო 2017 წლის დეკემბერში და მას შემდეგ ქართული მხარის პოზიციის გამო ვეღარ დავუბრუნდით ამ საკითხს“, - განაცხადა კონსტანტინე კოჩიევმა.
ცნობისთვის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-ე რაუნდი 4-5 მარტს გაიმართა. 64-ე ტური, სავარაუდოდ, 24-25 ივნისს გაიმართება.
0
0