
ესტონეთის პარლამენტის წევრებმა მოიწონეს კანონპროექტი, რომელიც „მტრული“ მესამე ქვეყნების მოქალაქეებს ესტონეთში მოქმედი პოლიტიკური პარტიებისთვის შემოწირულებების გაღებას უკრძალავს.
„პოლიტიკური პარტიების შესახებ“კანონში ცვლილებების პროექტზე მუშაობა ესტონეთის მთავრობამ წელიწადზე მეტი ხნის წინ დაიწყო. ზემოთ აღნიშნულ აკრძალვასთან ერთად, ფართოვდება პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ზედამხედველობის კომიტეტის (ERJK) უფლებამოსილებები.
კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა 50-მა დეპუტატმა, 22 წინააღმდეგი იყო.
„სოციალ-დემოკრატი“ დეპუტატის, რიინა სიკუტის განცხადებით, ERJK-ს უფლება ეძლევა, გამოითხოვოს დოკუმენტები და გამოიძახოს ფიზიკური პირები, კომიტეტისთვის ახსნა-განმარტებების მისაცემად.
„ეს, უდავოდ, საშუალებას მისცემს მას, უკეთ გააკონტროლოს, როგორ ფინანსდებიან პოლიტიკური პარტიები და როგორ იხარჯება საარჩევნო კამპანიებისთვის გამოყოფილი ფული “, – განაცხადა პარლამენტის წევრმა.
მმართველმა კოალიციამ ოპოზიციური Isamaa-ს („მამული“) მიერ წარმოდგენილ შესწორებას დაუჭირა მხარი, რომლითაც მესამე ქვეყნების მოქალაქეებს პოლიტიკური პარტიების დაფინანსება ეკრძალებათ.
Isamaa-ს საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე ჰელირ-ვალდორ სეედერი აცხადებს, რომ იმ პირებს, ვისაც ესტონეთში პოლიტიკური პარტიების დაფინანსების უფლება აქვთ, ასევე უნდა გააჩნდეთ პოლიტიკაში მონაწილეობისა და მისი განხორციელებისთვის პასუხისმგებლობის აღების უფლება.
„ესენი არიან ესტონეთის და ევროკავშირში შემავალი სხვა ქვეყნების მოქალაქეები – ადამიანები, რომლებსაც ასევე შეუძლიათ, კენჭი იყარონ ესტონეთში. ბუნებრივია, ეს ასევე არის პრევენციული ზომა უსაფრთხოების კუთხით, რათა ესტონეთის პოლიტიკა ჩვენდამი მტრულად განწყობილი სახელმწიფოების მოქალაქეების მიერ არ იყოს მართული და დაფინანსებული“, – აღნიშნა სეედერმა.
კანონპროექტის მიხედვით, აკრძალული შემოწირულობის დაფიქსირების შემთხვევაში, დონორისთვის თანხის დასაბრუნებლად 30 დღეა გამოყოფილი. ვადის ამოიწურვის შემთხვევაში, თანხა სახელმწიფო შემოსავლების ფონდში გადავა.
მესამე ქვეყნების მოქალაქეებს, რამდენიმე წლის წინ, ადგილობრივ არჩევნებში ხმის მიცემის უფლებაც ჩამოერთვათ.
საკანონმდებლო ცვლილებებმა კიდევ ერთხელ დააყენა დღის წესრიგში დებატები იმის შესახებ, საჭიროა თუ არა საერთოდ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ზედამხედველობის კომიტეტის არსებობა.
ოპოზიციური პარტიები, კერძოდ კი „ესტონეთის კონსერვატიული სახალხო პარტია“ (EKRE) და „მამული (Isamaa) ამ ორგანოს არსებობის წინააღმდეგნი არიან და აცხადებენ, რომ მისი ფუნქციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უნდა შეითავსოს, ხოლო მმართველი კოალიცია და „სოციალ-დემოკრატები“ ERJK-ის შენარჩუნებას ემხრობიან.
„ცენტრისტული პარტია“ კი მიიჩნევს, რომ ვინაიდან საპარლამენტო ჯგუფებს არ ჰქონდათ საკმარისი დრო კანონპროექტის განსახილველად, ამიტომ მათმა ლიდერებმა „პოლიტიკური პარტიების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები შემდგომში კიდევ ერთხელ უნდა განიხილონ.
საკანონმდებლო ცვლილებებით ასევე დაკონკრეტდა აქტიური წინასაარჩევნო კამპანიის ვადები. დეპუტატ კრისტო ენ ვაგას („რეფორმის პარტია“) თქმით, ახალი საკანონმდებლო ჩარჩო ევროკავშირის დირექტივიდან გამომდინარეობს.
„გარდა იმისა, რომ ის ადგენს პოლიტიკური რეკლამის გამჭვირვალობას, ასევე იყო მოთხოვნა, რომ პოლიტიკური რეკლამის გამჭვირვალობის დეკლარაციებს დამატებოდა ინფორმაცია, თუ რომელ არჩევნებს უკავშირდება ეს რეკლამა. აქამდე ესტონეთის სამართლებრივ ჩარჩოში ასეთი დებულება არ არსებობდა“, – განაცხადა ვაგამ.
რიიგიკოგუს არჩევნების შემთხვევაში, აქტიური წინასააარჩევნო კამპანიის პერიოდი დაიწყება არჩევნების ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ, ხოლო ადგილობრივი არჩევნების დროს – ხმის მიცემამდე 90 დღით ადრე.
საკანონმდებლო ცვლილებები ესტონეთის პრეზიდენტის მიერ შესაბამისი აქტის გამოცემის შემდეგ შევა ძალაში.
0
0