
ესტონეთის მმართველმა კოალიციამ ქვეყნის პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა, მას შემდეგ რაც ორმა დეპუტატმა საკუთარი პარტია დატოვა. კოალიციაში ორი პარტია – „რეფორმების პარტია“ და „ესტონეთი 200“ შედის. ორივე პარტია თითო დეპუტატმა დატოვა. ამჟამად ორივე პოლიტიკურ ძალას ჯამში პარლამენტში 101 მანდატიდან 50 აქვს.
როგორც მედია წერს, ამ პირობებში მთავრობას გადაწყვეტილებების პარლამენტში გატარება გაუჭირდება. რამდენიმე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა უკვე განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში „რეფორმისტების“ და „ესტონეთი 200“-ის რიგებს იდევ უფრო მეტი დეპუტატი დატოვებს, თუ გავითვალისწინებთ პარტიების რეიტინგის ვარდნას.
მაისში ჩატარებული გამოკითხვის მონაცემებით, ესტონეთის მმართველი კოალიციის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა.
ცნობისთვის, რომ 2025 წლის გაზაფხულზე „რეფორმისტებმა“ და „ესტონეთი 200“-მა სოციალ-დემოკრატებთან თანამშრომლობა შეწყვიტეს. ამის შედეგად მთავრობაში ხუთი მინისტრი შეიცვალა. მთავრობამ საქმიანობა კაია კალასის ხელმძღვანელობით დაიწყო, თუმცა 2024 წელს ის ევროკომისიაში გადავიდა სამუშაოდ, ხოლო „რეფორმების პარტიასა“ და ესტონეთის მთავრობას კრისტენ მიხალი ჩაუდგა სათავეში.
0
0