
საერთაშორისო წესრიგის კრიზისის ფონზე, ესპანეთი და ჩინეთი ურთიერთობების გაღრმავებასა და მშვიდობის დაცვაზე შეთანხმდნენ, – ამის შესახებ ესპანური მედია წერს.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში იმყოფება, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს, სი ძინ პინს შეხვდა.
შეხვედრის დროს სი ძინ პინმა პედრო სანჩესს განუცხადა, რომ ორივე ქვეყანა იცავს საერთაშორისო სამართალს, რომელიც, მისი თქმით, სერიოზულად შეირყა.
„როგორც ჩინეთს, ასევე ესპანეთს გააჩნია პრინციპები და ჩვენ ვიცავთ სამართლიანობას. ჩვენ მზად ვართ, ვიყოთ ისტორიის სწორ მხარეზე“, – განაცხადა ჩინეთის ლიდერმა.
თავის მხრივ, პედრო სანჩესი ჩინეთს მულტილატერალური სისტემის გაძლიერებისკენ მოუწოდა.
„ერთად ვიპოვოთ გზები მრავალმხრივი სისტემისა და საერთაშორისო სამართლის გასაძლიერებლად, რომლებიც მუდმივად ირღვევა ზუსტად მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად არის საჭირო“, – განუცხადა სანჩესმა ჩინეთის ლიდერს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ესპანეთის პრემიერ-მინისტრი ჩინეთში მეოთხედ ჩავიდა, რაც სავაჭრო კავშირების გაღრმავებას ისახავს მიზნად.
0
0