
ესპანელმა ფერმერებმა ქვეყნის რამდენიმე მთავარი მაგისტრალი გადაკეტეს და სხვა ევროპელი ფერმერების საპროტესტო აქციებს შეუერთდნენ. ფრანგი, ბელგიელი, იტალიელი და პორტუგალიელი კოლეგების მსგავსად, ესპანელი ფერმერები ევროპული ბიუროკრატიის სისტემას, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების კონკურენციას, პროდუქციის დაბალ ფასებს და საწვავის მზარდ ხარჯებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები გარემოსდაცვითი რეგულაციების გაუქმებას ითხოვენ.
”ევროკავშირის მასშტაბით, ყველა ფერმერს ერთი და იგივე პრობლემები გვაქვს. უკვე ყელში ამოგვივიდა,” - განუცხადა ეროვნულ მაუწყებელ TVE-ს ესპანეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ფერმერთა ასოციაცია ASAJA-ს ვიცე-პრეზიდენტმა დონაციანო დუჯომ.
ASAJA და ფერმერთა სხვა ასოციაციები საპროტესტო აქციებს 1-ლი თებერვლიდან მართავენ. ბევრმა ფერმერმა ტრაქტორებით საგზაო მოძრაობა შეაფერხა მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, სევილიიდან და გრანადიდან საფრანგეთის საზღვართან მისასვლელი მაგისტრალები. მათ ხელში უჭირავთ პლაკატები წარწერით - „ფერმერების გარეშე საკვები არ იქნება“.
როგორც Reuters-ი წერს, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, საფრანგეთსა და ბელგიაში მიმდინარე საპროტესტო აქციები პოლიციასთან ძალადობრივ შეტაკებაშიც გადაიზარდა.
0
0