
ბადრი ესებუას ადვოკატის, სოსო ჯანაშიას ინფორმაციით, დაკავებული ამბობს, რომ "ძირითადი პერიოდი" საქართველოში იყო, თუმცა, იმყოფებოდა საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზეც.
ესებუა ამტკიცებს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია.
"მისი განმარტებით, დანაშაული არ ჩაუდენია და შემხებლობა ამ დანაშაულთან არ აქვს. ბიძინა ესებუაზე [ბადრი ესებუას ძმა] როგორც იცით, ვდავობდით დაცვის მხარე, რომ დაკავებული იყო აბსოლუტურად გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე. რომ ნახა, რომ მისი ძმის საქმე, ფაქტობრივად, შურისძიება იყო მასზე და მის ოჯახზე, ხორციელდებოდა მათზე არაკანონიერი დევნა, ფაქტობრივად, ამის გამო გადაწყვიტა, რომ არ გამოსულიყო. თორემ, რაც განმიმარტა, მითხრა, რომ მას ჰქონდა კიდეც იმის სურვილი, რომ გამოსულიყო, ჩაბარებოდა და თავის საქმეზე ებრძოლა.
საქართველოში იყო, საქართველოს ფარგლები მას არ დაუტოვებია. ზოგადად, ისიც მითხრა, რომ იყო იქითაც [აფხაზეთში], მაგრამ ძირითადი ეს პერიოდი, როგორც მაქვს ინფორმაცია, იყო აქ, საქართველოში". - ამბობს ადვოკატი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2020 წლიდან ძებნილი ბადრი ესებუა 8 თებერვალს დააკავა.
უწყების განცხადებით, იძულების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, ასევე, ტერორისტული აქტის და ტერორისტული მიზნით მოქალაქეების მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტებზე ძებნილი პირი სამეგრელოში დააკავეს. შსს წერს, რომ ბადრი ესებუას 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
"დაკავების ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს" - აცხადებს შსს.
0
0