
ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი მთელი ამ ხნის განმავლობაში, ჩრდილში მყოფ, საქართველოს „არაფორმალურ მმართველად“ რჩებოდა. ამის შესახებ წერს SOVA.
კუბილიუსის თქმით, ხელისუფლებაში მყოფ პარტიაში გადაწყვეტილებებს სწორედ ივანიშვილი იღებდა და მისი ჩამოსვლით არაფერი იცვლება.
„მთავარი კითხვაა, რატომ ახლა? ჩემი დასკვნა ასეთია: რაღაც ძალიან ცუდი ხდება მმართველ გუნდში. ამიტომ გამოვიდა ახლა ჩრდილში მდგარი პარტიის ბოსი და თქვა: სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებო. არჩევნები ახლოვდება და როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი გრძნობს, რომ „ქართული ოცნების“ არჩევნები არ იქნება ისეთი წარმატებული, როგორც მას სურს“, - ამბობს ევროპარლამენტის წარმომადგენელი.
გარდა ამისა, კუბილიუსი დარწმუნებულია, რომ მას შემდეგ, რაც საქართველო მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, ბრიუსელი ქვეყნისგან დეოლიგარქიზაციას მოითხოვს. ევროპარლამენტარი დარწმუნებულია, რომ ოფიციალური პოზიცია არ დაეხმარება ივანიშვილს სანქციების თავიდან აცილებაში.
„ამ ფონზე, ივანიშვილის ნაბიჯი პირდაპირ ეწინააღმდეგება ამ რეკომენდაციას. ეს, სავარაუდოდ, გავლენას მოახდენს საქართველოსა და ევროკავშირის მომავალ ურთიერთობებზე და რეფორმებზე, რომლებიც საქართველოს სჭირდება გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად. თუ სანქციები იქნება, დამიჯერეთ, პარტიაში ოფიციალური პოზიცია მას სანქციებისგან ვერ დაიცავს. უფრო მეტიც, ამერიკაში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ბევრი დაინახავს, რომ ის აღარ მალავს თავის ოლიგარქიულ მისწრაფებებს, სახელმწიფოს ხელში ჩაგდების მცდელობებს და რომ ეს სანქციებით უნდა შეწყდეს“, - ამბობს ანდრიუს კუბილიუსი.
0
0