
ISFED-ის მიერ ჩატარებული კვლევა მანიპულაციურია იმ ონლაინ მედიაორგანიზაციებისთვის, რომელთაც აღნიშნული კვლევა ეხება. "კურიერი" რამდენიმე აღნიშნული მედიაორგანიზაციის ხელმძღვანელებს ესაუბრა. მათი შეფასებით, ISFED-ის მიერ ბოლო 6 წელზე ყურადღების გამახვილება შემთხვევითი არაა, რადგან გადარიცხული თანხების რაოდენობა ყოფილიყო ხელოვნურად გაზრდილი.
"მგონი, ეს კვლევა ძალიან ხმამაღლაა დაწერილი. ამას ვიტყოდი მაგ ე.წ. კვლევაზე. არ ვიცი, რატომ უნდა იხელმძღვანელო 6 წლის განმავლობაში, 22 თუ 25 მედიასაშუალების კონტრაქტებიდან შემოსული თანხებით და ასეთი ხმამაღალი სათაურით ისაუბრო. მედიასაშუალებების სარედაქციო პოლიტიკა თურმე თანხვედრაში ყოფილა მმართველი პარტიის ნარატივებთან, ეს კიდევ ცალკე ამბავია.
რაც შეეხება ჩვენს მედიაორგანიზაციას, ჯერ ერთი, არცერთი პოლიტიკური პარტიის ნარატივებთან არ არის თანხვედრაში. მეორე, საინფორმაციო მომსახურების შეთავაზება ჩვენს მედიაორგანიზაციას აქვს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან და მათი გადასაწყვეტია, სურთ თუ არა ამ მომსახურების მიღება. ეს თანხა იმდენად მიზერულია ჩვენი მედიაორგანიზაციისთვის, რომ უბრალოდ მეცინება, რაზეა საერთოდ საუბარი. წარმოუდგენელია, თან ISFED-ი რომ აკეთებს ამ ე.წ. კვლევას, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ პარტიული ნარატივების თანხვედრა მუშაობაში, მე მგონია, რომ თავიანთ ორგანიზაციაში რომ მოიკითხონ, ნამდვილად არ იქნება ურიგო," - აღნიშნა ჟურნალისტმა, "მედიაჰოლდინგ სივრცეების" ("Spnews • სააგენტო სივრცეები-ს", რადიო "სივრცის") ხელმძღვანელმა, ეკა ვეფხვაძემ "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.
ცნობისთვის, ISFED-მა გამოაქვეყნა ვრცელი ანგარიში, რომელშიც საუბარია 25 საინფორმაციო სააგენტოზე, რომლებიც, ISFED-ის მტკიცებით, "ქართულ ოცნებასთან" პირდაპირ ან ირიბად არიან დაკავშირებული. სტატიაში წერია, რომ 2019-2025 წლებში მმართველმა პარტიამ 22 ორგანიზაციას მთლიანობაში მილიონ-ნახევარი ლარი გადაუხადა.
ამ მედიაორგანიზაციებსა და "ქართულ ოცნებაში" ISFED-ის მანიპულაციებზე საუბრობენ. აცხადებენ, რომ კვლევის ავტორებმა კონტრაქტები, შეგნებულად, 6 წელზე გადაამრავლეს, რომ მასშტაბური თანხის ჯამი მიეღოთ. მმართველმა გუნდა ISFED-ს პარალელური ხმის დათვლის გაყალბებული შედეგები კიდევ ერთხელ შეახსენა.
1
0