თითქოს, ონის მუნიციპალიტეტში კონკრეტული „ენჯეო“ გავიდა კონკრეტული პროექტიდან და აღარ დაუჭერს მხარს ბავშვებისთვის სტომატოლოგიური მომსახურების გაწევას, ამაზე მეტი სიმდაბლე რა შეიძლება იყოს, მე უბრალოდ არ ვიცი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ყველამ გაიგო, რომ სინამდვილეში აღნიშნული „ენჯეოს“ ბორდის თავმჯდომარე არის ბადრი ჯაფარიძე და იგი არის „ლელოსთან“ დაკავშირებული.
„ვიღაცები ამბობდნენ, რომ გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ გავიღვიძებდით რუსეთში, თუმცა ჩვენ გავიღვიძეთ საქართველოში და იმ საქართველოში, რომელიც ვითარდება.
რაც შეეხება იმ სამარცხვინო ქმედებას, რომელიც ბადრი ჯაფარიძემ და მთლიანად პარტია „ლელომ“ განახორციელა, რომ ვითომ, კონკრეტული „ენჯეო“ გავიდა კონკრეტული პროექტიდან ონის მუნიციპალიტეტში და აღარ დაუჭერს მხარს ბავშვებისთვის სტომატოლოგიური მომსახურების გაწევას, ამაზე მეტი სიმდაბლე რა შეიძლება იყოს, მე უბრალოდ არ ვიცი.
სინამდვილეში, ეს არ არის არავითარი დამოუკიდებელი „ენჯეო“. ყველამ გაიგო, რომ ბორდის თავმჯდომარე არის ბადრი ჯაფარიძე. ეს არის „ლელოსთან“ დაკავშირებული „ენჯეო“, რომელიც კონკრეტული ბიზნეს-ინტერესების დაცვასთან არის დაკავშირებული, რაც ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში ხორციელდება. ეს არის უბრალოდ სამარცხვინო საქციელი. ვითომ, „ენჯეომ“ შეუწყვიტა ბავშვებს სტომატოლოგიური მომსახურების გაწევა. სინამდვილეში, ეს იყო უბრალოდ ტყუილი და „ლელოს“ სამარცხვინო სპეკულაცია. ეს ყველაფერი აჩვენებს რადიკალური პოლიტიკური პარტიების სახეს“, - განაცხადა კობახიძემ.
ერთ-ერთ მედია საშუალებაში გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფონდი „ფეა თრიიზი“ ონში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის გახსნის პროექტს აჩერებს. მიზეზად კი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას ასახელებენ.
„28 მაისს, საქართველოს ხელისუფლების მიერ კანონზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებული გადაწყვეტილება უკვე უარყოფითად აისახა ჩვენი ფონდის მუშაობაზე და იძულებული ვართ შევწყვიტოთ 2023 წელს დაწყებული თანამშრომლობა ონის მუნიციპალიტეტის მერიასთან ონში ბავშვთა უფასო სტომატოლოგიური კლინიკის გახსნასთან დაკავშირებით“, - აცხადებენ ფონდში.
აღსანიშნავია, რომ ფონდი „ფეა თრიიზის" ბორდის წევრია პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე, რომელმაც ონში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის გახსნის პროექტი გააჩერა.
0
0