13/11/2024
15:21
პოლიტიკა
"სპეკულაცია და პოლიტიკური პოპულიზმი" - ასე შეაფასა "ქართული ოცნების" წევრმა, ლევან მაჭავარიანმა ორი ოპოზიციური კოალიციის განცხადება სიების ჩახსნის თაობაზე.
მისივე თქმით, პროცედურას კანონი არეგულირებს და ამისათვის, ჯერ პარლამენტი უნდა შეიკრიბოს.
"ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური პოპულიზმი, ვერავინ ვერანაირ სიას ვერ ჩახსნის. პროცედურა არის შემდეგი: პირველი სხდომა უნდა შედგეს, აქ იქნება ცნობა 150 დეპუტატის უფლებამოსილების. შემდეგ, უკვე ინდივიდუალურად უნდა მოგვმართონ იმ პიროვნებებმა, ვისაც სურთ, რომ უფლებამოსილება შეუწყდეთ. ამაზე დამატებით უნდა იმსჯელოს პარლამენტმა - ვის შეუწყვეტს უფლებამოსილებას და ვის არა. შესაბამისად, კანონმდებლობით და კონსტიტუციით ეს პროცესი ასეა დადგენილი, სხვა ყველაფერი სპეკულაცია და უბრალოდ პოლიტიკური პოპულიზმია," - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, რომ კოალიციებმა "ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ცვლილებებისთვის" ტელეკამერების წინ პირობა დადეს, რომ პარლამენტში არ შევლენ და ცესკოსთვის გასაგზავნ განცხადებებს ხელი მოაწერეს. მათი ეს ქმედება პოპულიზმად შეაფასეს პარტიაში "საქართველოსთვის", "ლელოში" კი თქვეს, რომ ეს განცხადება მათ ერთხელ უკვე გააკეთეს. კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერმა, ნიკა გვარამიამ კოლეგა პარტიების პოზიცია მწვავედ გააკრიტიკა და უკანა კარის ღია დატოვებაზე ისაუბრა.
0
0