28/11/2024
16:55
პოლიტიკა
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოზე, სადაც საუბარია არჩევნების არაღიარებაზე და ხელახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე. ასევე არის მოწოდება პრეზიდენტ ზურაბიშვილზე, რომ შეიწყალოს პრეზიდენტი სააკაშვილი, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს, ერთიანობის დროა.
„ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოზე, სადაც საუბარია არჩევნების არაღიარებაზე და ხელახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე. ასევე არის მოწოდება საქართველოს ხელისუფლებაზე პრეზიდენტი სააკაშვილის გათავისუფლების და მათ შორის პრეზიდენტ ზურაბიშვილზე, რომ შეიწყალოს პრეზიდენტი სააკაშვილი.
დღეს არის ერთიანობის დრო, ყველა იმ პოლიტიკური აქტორის, რომლისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. მაშინ, როდესაც ივანიშვილი ქვეყანას აკარგვინებს არა მხოლოდ ევროპულ მომავალს, არამედ სახელმწიფოებრიობას, ყველამ, ვისთვისაც ძვირფასია ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, უნდა ჩავჭიდოთ ხელი და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელსაც მხარი 444-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 72-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა, ხოლო 82-მა თავი შეიკავა.
დოკუმენტი ევროკომისიას საქართველოს უვიზო სტატუსის გადახედვისკენ მოუწოდებს. ამასთან, ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, კახა კალაძის, შალვა პაპუაშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის დასანქცირებას მოითხოვს. გარდა ამისა, ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა აღიაროს და ერთი წლის განმავლობაში არჩევნების ხელახლა ჩატარების მოწოდებით გამოდის. ამასთან, ევროპარლამენტმა რეზოლუციის ტექსტში შესწორება დაამტკიცა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს მისი კონსტიტუციური უფლების გამოყენებისკენ და მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს.
0
0