ბრძოლა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს საკონსტიტუციო სასამართლოში, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა.
წერეთლის თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს არასამთავრობო ორგანიზაციები ამზადებენ.
როგორც წერეთელმა ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირებაზე საუბრისას განაცხადა, მას აქვს მოლოდინი, რომ დასავლეთი ხელისუფლების წარმომადგენლებს დაასანქცირებს, რაც ეკონომიკურ ნაწილში არა მარტო „ქართული ოცნების“ წარმადგენლებს შეეხება, არამედ ყველას.
"თუ სანქციები იქნება, პარტნიორებზე არ უნდა გავბრაზდეთ. შენ, როდესაც ირჩევ ისეთ ხელისუფლებას, რომელიც არ ვარგა და ემსახურები, შენც იღებ პასუხისმგებლობას. მოლოდინი მაქვს, რომ ეს პროცესი დაიწყება და პირველ რიგში, შეეხებათ მათ, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო“,- განაცხადა წერეთელმა.
მისივე თქმით, წინასაარჩევნოდ ერთიანი სია არ იქნება გამარჯვების გარანტი.
„რაც შეეხება ერთიანი სიის საკითხს, ეს თემა გადაღეჭილია. მე არ მივეკუთვნები იმ სკოლას, რომელიც ამბობს, რომ ერთიანი სია არის გადარჩენა. არ მიმაჩნია რეალისტურად, რომ ყველა პარტია გაერთიანდეს. ეს, არ იქნება გამარჯვების გარანტი. მარცხის ტოლფასად არ მიმაჩნია, თუ ერთიანი სია არ იქნება. არჩევნებამდე რამდენიმე ძლიერი პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბება უფრო ეფექტურად მიმაჩნია იმისათვის, რომ დემოკრატიულად და მშვიდობიანად შევცვალოთ მთავრობა“,- განაცხადა წერეთელმა.
0
0