
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ 13 წელია, აგრძელებს დანაშაულებრივ საქმიანობას და სახელისუფლო ძალაუფლების გარეშეც მუდმივად აყენებს ზიანს ქვეყანას და საზოგადოებას. კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ აკრძალვის გადადებული ყოველი დღე ქვეყნის სტაბილურობისთვის საფრთხის შემცველია, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაშია აღნიშნული.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებით, სამართლიანობის აღდგენის პროცესის დასრულების და უცხოური აგენტურის აკრძალვის გარეშე პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება და ქვეყნის განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლა შეუძლებელია.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარეობს ორი სამართლებრივი პროცესი, რომლის შედეგადაც უნდა მოხდეს კოლექტიური ნაცმოძრაობის, ანუ აგენტურული ქსელის გასამართლება და პოლიტიკაში მათი მონაწილეობის აკრძალვა – ერთი ეს არის საგამოძიებო კომისიის დასკვნის შესაბამისად მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელი, მეორე კი, ჩვენი პარტიის მიერ პროკურატურაში შეტანილი განცხადების საფუძველზე დაწყებული გამოძიება.
საპარლამენტო კომისიაზე, რომელიც ერთი წლის წინ დასრულდა, მთელმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ მოისმინა უმძიმესი ისტორიები, რომლებიც, სამწუხაროდ, მხოლოდ მცირე ნაწილია იმ დანაშაულებისა, რაც „ნაცმოძრაობას“ აქვს ჩადენილი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ. მომზადდა ვრცელი დასკვნა, რომელიც თავისთავად უკვე განაჩენია!
ჩვენ ვხედავთ, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ 13 წელია, აგრძელებს დანაშაულებრივ საქმიანობას და სახელისუფლებო ძალაუფლების გარეშეც მუდმივად აყენებს ზიანს ქვეყანას და საზოგადოებას. როგორც ეს უკანასკნელ წლებში არაერთხელ დადასტურდა, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ აკრძალვის გადადებული ყოველი დღე საფრთხის შემცველია ქვეყნის სტაბილურობისთვის. ისედაც ძალიან დაგვიანებული სამართლიანობის აღდგენის პროცესის დასრულების და უცხოური აგენტურის აკრძალვის გარეშე მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება და ქვეყნის განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლა შეუძლებელია.
ასევე, შეუსრულებელ მისიად დარჩება დეპოლარიზაცია, რაც ჩვენს ქვეყანას ნამდვილად სჭირდება, რადგან სამოქალაქო მშვიდობა შეუძლებელია, როდესაც ერთი მხარე შეპყრობილია რევანშის წყურვილით და უცხოური ძალების დახმარებით ცდილობს ძალაუფლების ნებისმიერი ფორმით ხელში ჩაგდებას – „მოლოტოვის კოქტეილს“ ესვრის პარლამენტის შენობას, ცოცხლად წვავს პოლიციელებს და მოკვლით ემუქრება ყველას, ვინც ამ სისხლიან სცენარში არ მონაწილეობს.
აქ არიან ის ადამიანები, რომლებმაც საკუთარ თავზე, საკუთარ ოჯახებზე გადაიტანეს ენით აღუწერელი ტრაგედია და უნდა ითქვას, რომ ეს ტრაგედია გრძელდება იქამდე, სანამ ეს ადამიანები მკვლელებსა და ჯალათებს კვლავ პოლიტიკაში ხედავენ და მუდმივად არსებობს საფრთხე, რომ ერთ დღეს ისინი ძალაუფლებაში დაბრუნდებიან“, – ნათქვამია განცხადებაში.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ აღნიშნავს, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ და აგენტურის ქართულ პოლიტიკაში შენარჩუნება იყო და არის გარე ძალების ინტერესი.
„ჩვენ გავიარეთ კოჰაბიტაცია, მას შემდეგ არაერთი დაპირება, რომ არამხოლოდ პოლიტიკურად, არამედ სამართლებრივადაც მოხდებოდა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ და უცხოური აგენტურის შეფასება, მაგრამ დღემდე ისინი აგრძელებენ ძირგამომთხრელ საქმიანობას და ეს ყველაფერი დაუსჯელი რჩება. ერთი მხრივ, ხელისუფლება აცხადებს სურვილს, რომ ქვეყანაში დამყარდეს სამართლებრივი წესრიგი და თითქოს იწყებს კიდეც გარკვეულ მოქმედებებს, მაგრამ ჩვენთვის გაუგებარი მიზეზებით ყოველ ჯერზე ხდება პროცესის შეჩერება.
სიახლეს არ წარმოადგენს, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ და აგენტურის ქართულ პოლიტიკაში შენარჩუნება იყო და არის გარე ძალების – „დიპ სტეიტის“ ინტერესი.
ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ზეწოლა, მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ დამნაშავეების გასამართლება არის ქართველი ხალხის მტკიცე დაკვეთა და ქვეყნის მომავალი სტაბილურობისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა, ამიტომ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აღნიშნული პროცესი დროულად მიიყვანოს ბოლომდე“, – ნათქვამია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
0
0