10/09/2022
19:22
პოლიტიკა
ერთი მტკიცებულება არ გახმოვანებულა, ერთი ფაქტი არ დადებულა რომ ვინმე სანქციას იმსახურებდეს, ან ეს ქვეყანა იმსახურებდეს ისეთ მტრობასა და დარტყმებს რასაც ოპონენტები ახორციელებენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ კაჭრეთში, „ქართული ოცნების’’ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის გასვლითი სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ბიძინა ივანიშვილის ადვოკატიც კი თავადვე საუბრობს გარკვეულ არაფორმალურ სანქციებზე. თქვენ წარმოიდგინეთ რამხელა ინტერესია მეორე მხარეს, რომ შვეიცარიის საბანკო სისტემაც კი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ყველამ ვიცოდით რომ იყო ერთ-ერთი ყველაზე მყარი სისტემა გახდა მეორე ხარისხოვანი იმ სხვა ინტერესთან შედარებით, რაზეც ჩვენ დღენიადაგ ვსაუბრობთ. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ მტკიცებულებების გარეშე, საბოლოო ჯამში ბუნებაში არაფერი არსებობს საიმისო, რომ საფუძვლად დაუდონ გარკვეულ გადაწყვეტილებას, გაუჭირდებათ ამ თემაზე საუბარი, თუმცა ფაქტობრივი სანქციები, რომლებიც მაგალითად შვეიცარიული ბანკის მხრიდან დაწესდა, (ამაზე ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი საუბრობს) სახეზე გვაქვს. თუმცა ის, რომ რაიმე სერიოზული სანქციებზე და სიებზე ილაპარაკონ ამ ყველაფერს საბოლოოდ მაინც მტკიცებულება დასჭირდება. ვერ დამისახელებთ ვერცერთ მტკიცებულებას, რომელიც რაიმე სანქციას შეიძლება საფუძვლად დაედოს.
როდესაც ჩვენი ოპონენტები ქვეყნის შიგნით კიდევ უფრო მეტად მტრობენ ამ ქვეყანას და მტკიცებულებებისა და არგუმენტების გარეშე საუბრობენ, რომ საქართველო არის შავი ხვრელია და ყოველ დღე ახალ ფეიკებს აცხობენ, რომ რაიმენაირად ვითომ ხელისუფლება დაზიანდეს, ამ დროს ამით მსოფლიოს თვალში საქართველო ზიანდება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
უკრაინის რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამიას განცხადებით, უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ მომზადებული სია, რომელშიც 12 ქართველი მოხვდა, საიდანაც ერთი ამერიკის მოქალაქეა და რომელთაც სააგენტოს მოსაზრებით სანქციები უნდა შეეხოთ, უახლოეს მომავალში აუცილებლად გაიზრდება და იქ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გარემოცვის წევრები მოხვდებიან. არახამია საქართველოს მოქალაქეებსაც მიმართავს და აცხადებს, რომ თუკი მათ არ ყოფნით ძალისხმევა, რომ დამოუკიდებლად მოახდინონ დეოლიგარქიზაცია, ამაში ქვეყანას უკრაინა დაეხმარება.
0
0