
ჩვენს გარშემო მიმოვიხედოთ, ერთადერთი მშვიდი მეზობელი შავი ზღვაა, ისიც ხანდახან თავს გვესხმის, როცა ღელვაა. არ შეიძლება ასე არხეინად ვიყოთ! - აი, რატომ? რის იმედად ვართ? ან რაღაცა იცის „ქართულმა ოცნება“, რომელსაც არ გვეუბნება - ან რა ვიცი, ყველა მთავარანგელოზი ერთად გადაგვეფარა, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ნებისმიერი ქვეყანა და სახელმწიფო მზად უნდა იყოს ომისთვის.
„ისრაელში რომ პოლარიზაცია იყო, ასეთი მონაგონია. რა „ნაცი“, რა „ქოცი“, რა სააკაშვილის და რა ივანიშვილის მხარდამჭერი, ერთმანეთს ხოცავდნენ. შარშან ოთხი არჩევნები ჩატარდა და ვერა და ვერ ირჩევდნენ მთავრობას, იმიტომ, რომ საშინელი დაპირისპირება იყო სხვადასხვა პარტიას შორის. საქმე საქმეზე რომ მიდგა, რა გააკეთეს, რამხელა პოლიტიკური კულტურა აქვთ, გამოვიდა ბენიამინ ნეთანიაჰუ და თქვა, რომ „მოდით, ახლა ეს გადავწიოთ გვერდზე, ახლა ვქმნით დროებით ეროვნული თანხმობის მთავრობას და გადაწყვეტილებას ერთად ვიღებთ“.
ნებისმიერი ქვეყანა, ნებისმიერი სახელმწიფო უნდა იყოს მზად ომისთვის. თუ გინდა, რომ ომი თავს არ დაგატყდეს, უნდა იყო მზად. ჩვენს ახალ „თავდაცვის კოდექსში“ 90% რაც წერია, არის ძალიან კარგი. აქამდე რას აკეთებდა „ქართული ოცნება“, 11 წელია ხელისუფლებაშია - აქამდე არ შეიძლებოდა? მაგრამ „თავდაცვის კოდექსი“ მთავარს აწესრიგებს, ბევრს არაფერს არ აწესრიგებს. სამოქალაქო თავდაცვის ინფრასტრუქტურას ვერ მოაწესრიგებს, შეიარაღების შესყიდვას ის ვერ მოაწესრიგებს - ის აწესრიგებს გაწვევის ახალ წესს, რომელიც სწორი წესია, მაგრამ 2025 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედეს, მაგრამ ეს საფრთხეები დღესაც ხომ არის? რატომ ხვალვე არ ვიწყებთ ამ გაწვევის ახალ სისტემას? ჩვენს გარშემო მიმოვიხედოთ, ერთადერთი მშვიდი მეზობელი შავი ზღვაა, ისიც ხანდახან თავს გვესხმის, როცა ღელვაა. არ შეიძლება ასე არხეინად ვიყოთ“, - განაცხადა ელისაშვილმა.
ამასთან, ელისაშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შესაძლო იმპიჩმენტის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის დარწმუნებულია, საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას გამოაცხადებს და საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის 100 ხმას შეაგროვებს.
0
0
რუსეთის პრეზიდენტი სექტემბერში ჩინეთში ჩავა
11/05/2025