11/11/2023
18:56
მსოფლიო
ირანის პრეზიდენტმა, იბრაჰიმ რაისიმ საუდის არაბეთში მიმდინარე არაბი და მუსლიმი ლიდერების სამიტზე თქვა, რომ ისრაელისა და ჰამასის კონფლიქტიდან ერთადერთი გამოსავალი პალესტინის სახელმწიფოს შექმნა შეიძლება გახდეს, რომელიც "მდინარიდან ზღვამდე" იქნება გაშლილი.
"ამ კონფლიქტის ერთადერთი გამოსავალი ისრაელის ჩაგვრის წინააღმდეგ განგრძობითი მდგრადობაა, სანამ მდინარიდან ზღვამდე პალესტინის სახელმწიფო არ შეიქმნება". - თქვა რაისიმ.
ირანის პრეზიდენტმა ასევე დამსწრეებს მოუწოდა მკაფიო პოზიცია დააფიქსირონ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის მხარეს არიან ომში.
"ჩვენ გვინდა მივიღოთ ისტორიული და საბოლოო გადაწყვეტილება იმაზე, რაც პალესტინის ტერიტორიებზე ხდება. მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა და საავადმყოფოების დაბომბვა ღაზაში ისრაელის დანაშაულის გამოვლინებაა. დღეს ყველამ უნდა გადაწყვიტოს, რომელ მხარეს დგას". - თქვა მან და დამსწრეებს პალესტინელების შეიარაღებისკენ მოუწოდა.
ირანის პრეზიდენტმა სამიტზე მყოფ ლიდერებს ასევე მოუწოდა, ისრაელის წინააღმდეგ სანქციებისა და ენერგეტიკული ბოიკოტისკენ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ისრაელისა და აშშ-ს წინააღმდეგ ბრალდებების წარდგენისა და ისრაელის ბირთვულ ობიექტებზე საერთაშორისო ინსპექტორების შეშვებისკენ.
0
0