
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი კახეთის რეგიონში ტყის აღდგენის პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
სააგენტოს ინიციატივით, წნორისა და ჭიაურის სატყეო უბნებზე, ჭალის ტყეში, ტყის მოვლა-აღდგენის ღონისძიებები 727 ჰექტარ ფართობზე მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, კომპლექსურ ღონისძიებებთან ერთად, ტერიტორიაზე ჯამში 31 050 მუხისა და იფანის ნერგი დაირგვება.
„ტყის ეკოსისტემების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებები, სანიტარიული ჭრები და ინვენტარიზაციის სამუშაოები.
მნიშვნელოვანია, რომ თითოეული პროექტი მიმართული იყოს მაღალი ეკოლოგიური ღირებულების მქონე ტყის ეკოსისტემების აღდგენის, გაუმჯობესებისა და შენარჩუნებისკენ. ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით მიმდინარე პროექტებს, რათა სამუშაოები დაგეგმილი მიზნებისა და სტანდარტების შესაბამისად განხორციელდეს“, – აღნიშნა ბესიკ ამირანაშვილმა.
ეროვნული სატყეო სააგენტო ყოველწლიურად ზრდის დეგრადირებული ტყეების აღდგენის ღონისძიებების მასშტაბებს. ათწლიანი სტრატეგიის შესაბამისად, ქვეყნის მასშტაბით ტყის აღდგენის ღონისძიებები ჯამში 51 000 ჰექტარ ფართობზე განხორციელდება.
0
0