
თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ეროვნული მუზეუმიდან გიორგი ჯამბურიას გათავისუფლება. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური სამართლიანობის ცენტრი ავრცელებს.
გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ ცნობასთან ერთად, სასამართლომ მოპასუხე მხარეს გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდურის სახით ხელფასის ოდენობის თანხის გადახდა და ასევე, 2000-ლარიანი კომპენსაციია დააკისრა, რაც ადვოკატების შეფასებით, შეუსაბამოდ დაბალი ოდენობაა.
„გიორგი ჯამბურია სამსახურიდან 2022 წლის იანვარში გაათავისუფლეს, რასაც წინ უძღოდა მუზეუმში რეორგანიზაციის გამოცხადება. ჩვენი შეფასებით, რეორგანიზაციის რეალური მიზანი, სტრუქტურული ცვლილებების და ოპტიმიზაციის ნაცვლად, არასასურველი კადრების ჩამოშორება იყო და გამოიყენეს თანამშრომლების მასობრივი დათხოვნის მიზნით. შესაბამისად, ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა, მათ შორის, ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ მუზეუმში ახალი მენეჯმენტის მიერ ჩატარებული შეფასების პროცესი არ ემსახურებოდა გიორგი ჯამბურიას კომპეტენციის და უნარ-ჩვევების შეფასებას და ამდენად, მისი გათავისუფლება უსაფუძვლო იყო, რაც სასამართლომ გაიზიარა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს სასამართლოს გადაწყვეტილების მხოლოდ იმ ნაწილს, რომლითაც კომპენსაციის ოდენობა 2000 ლარით განისაზღვრა, რაც, ჩვენი შეფასებით, შეუსაბამოდ დაბალი ოდენობაა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, აგრძელებს დავას როგორც მუზეუმის, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთა უკანონო გათავისუფლების საქმეებზე“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელშიც აღნიშნულია, რომ კულტურის სექტორიდან 70-მდე თანამშრომელია გათავისუფლებული მას შემდეგ, რაც თეა წულუკიანი კულტურის მინისტრის პოზიციაზე დაინიშნა.
0
0