
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება მიმოიხილა.
ცენტრალური ბანკის ცნობით, აგვისტოში წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.7141-დან 2.7015-მდე, ანუ 0.5%-ით, ხოლო ევროს მიმართ – 3.1756-დან 3.1367-მდე, ანუ 1.2%-ით გამყარდა. თვის ბოლოს ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 2.6946 და 3.1438 შეადგინა. საანგარიშო პერიოდში ლარი-დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა 2.7263 იყო, მინიმალური კი – 2.6942.
„აგვისტოში, საშუალო კურსთან შედარებით, გაცვლითი კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა მინიმალურთან შედარებით სამჯერ მეტად იყო გადახრილი. აგვისტოში, დოლართან მიმართებაში შესამჩნევია რუსული რუბლის გაუფასურება; როგორც თვის, ისე წლის ჭრილში მნიშვნელოვნადაა გაუფასურებული თურქული ლირა; წინა თვესთან შედარებით გაუფასურდა ევრო. გამყარებით ხასიათდებოდა ლარი, მცირედით გამყარდა სომხური დრამი; აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად არ შეცვლილა. ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი წლიურად 3.4%-ით გაუფასურდა, თვის ჭრილში კი 1.1%-ით გამყარდა. რაც შეეხება ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსს, წლიურად 0.5%-ით გამყარდა, თვის ჭრილში კი 1.3%-ით.
ეფექტური კურსის გამყარება ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე უარყოფითად აისახება, თუმცა იმპორტულ ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით მოქმედებს. სავაჭრო პარტნიორთაგან აგვისტოში წლიური ინფლაცია თურქეთში, უკრაინაში, რუსეთში, ბელარუსსა და აზერბაიჯანში საქართველოსთან შედარებით მაღალი იყო, ხოლო სომხეთში, აშშ-სა და ევროზონაში – დაბალი. ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან ნაწილში ინფლაციის კლების ტენდენცია შეინიშნება, თუმცა მთლიანობაში ფასების დონე ჯერ ისევ მაღალი ნარჩუნდება“, – აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშში.
0
0