
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი სანქტ-პეტერბურგში ჩავიდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პულკოვოს აეროპორტში მას რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი, კირილ დმიტრიევი დახვდა.
პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განმარტა, რომ ვლადიმერ პუტინი თეთრი სახლის წარმომადგენელთან მოლაპარაკებებს დღის პირველ ნახევარში კონსტანტინეს სასახლეში გამართავს. ისინი, სხვა თემებთან ერთად, უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხსაც განიხილავენ.
მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ოსლოში გამართული „პოზიტიური“ მოლაპარაკებების შემდეგ უიტკოფი რუსეთში გაემგზავრება და იდეებს რუსულ მხარეს გაუზიარებს.
„ახლა, ამ იდეებით შეიარაღებული, ის შეძლებს სანქტ-პეტერბურგში ჩასვლას და მათ რუსულ მხარესთან გაზიარებას - ვნახოთ, მოხერხდება თუ არა რაიმე პროგრესის მიღწევა“, - აღნიშნა რუბიომ.
ამერიკული გამოცემა Axios-ის ცნობით, უიტკოფი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ომის დასრულების შესახებ განახლებულ წინადადებას წარუდგენს.
აშშ-ის ოფიციალურმა პირმა სააგენტო AFP-ს განუცხადა, რომ შეხვედრას ვირტუალურ ფორმატში დაესწრება ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი. შეხვედრაში ასევე მონაწილეობას მიიღებს რუსეთის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი.
0
0