
ერევანში, მთავრობის შენობასთან ვითარება დაძაბულია, მომიტინგეები, რომლებიც ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ, შენობაში შეჭრას ცდილობენ.
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს შორის არიან როგორც სამოქალაქო პირები, ასევე პოლიციელები. მათ ნაწილს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, ნაწილი კი - ჰოსპიტალიზებულია.
სომხეთის უშიშროების ეროვნულმა სამსახურმა განაცხადა, რომ ზომებს მიიღებს „ნებისმიერი ქმედებების გასანეიტრალებლად“, რომელიც შიდა უსაფრთხოების დესტაბილიზაციას ახდენს.
ამასთან, სომხური მედიის ინფორმაციით, მთავრობის შენობის სახურავზე სნაიპერები შენიშნეს.
შეგახსენებთ, საპროტესტო აქციები სომხეთში დღეს მას შემდეგ დაიწყო, რაც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყარაბაღში კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად ადგილობრივ ანტიტერორისტულ ზომებს ახორციელებენ.
0
0