
თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი თურქეთში მოსალოდნელი შეხვედრის დროს უკრაინული მარცვლეულის შავი ზღვის გავლით ექსპორტის ახალ მექანიზმს განიხილავენ, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა განაცხადა.
როგორც მედია წერს, პუტინი, სავარაუდოდ, 12 თებერვალს ეწვევა თურქეთს, სადაც ერდოღანს შეხვდება.
„წინა მარცვლეულის შეთანხმება მუშაობდა გარკვეული მექანიზმის ფარგლებში, ახლა დავინახეთ, რომ არსებობს სხვა მექანიზმით მუშაობის შესაძლებლობა. ზუსტად ახლა გვაქვს შესაძლებლობა, განვიხილოთ ეს მექანიზმები“, - აცხადებს თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
ფიდანმა დასძინა, რომ ზოგიერთმა გემმა მოახერხა უკრაინული მარცვლეულის შავი ზღვიდან გადატანა, თუნდაც შეთანხმების გარეშე.
შეგახსენებთ, ანკარა ცდილობდა დაეყოლიებინა რუსეთი, დაჰბრუნებოდა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას, რომელიც მოსკოვმა დატოვა 2023 წლის ივლისში, მისი განხორციელებიდან ერთი წლის შემდეგ. კიევმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს შეთანხმების აღდგენაზე, მაგრამ მოსკოვმა განაცხადა, რომ მისი აღდგენის პერსპექტივა არ არსებობს.
0
0