
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობისას,სოფელ წკერესთან, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოების დროს მიწის მასის ჩამოშლის შედეგად დაშავებულის მდგომარეობა საყურადღებოა.
როგორც თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს მორიგე ექიმმა, ბეჟან ხოზრევანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დაშავებული ექიმების ინტენსიური მკურნალობის და მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
„პაციენტი სამშენებლო-საგზაო სამუშაოების დროს ჩამოშლილი მიწის მასის ქვეშ მოჰყვა. მას ჩვენს კლინიკაში ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია პოლიტრავმის რეჟიმში. ამ ეტაპისთვის თავის, გულ-მკერდის და მუცლის ღრუს ორგანოების ტრავმული დაზიანების ნიშნები არ ვლინდება. მიუხედავად ამისა, პაციენტის მდგომარეობა არის საყურადღებო. ჯერჯერობით, ჩვენს კლინიკაში ინტენსიური მკურნალობის და მეთვალყურეობის ქვეშ რჩება“, - განაცხადა ექიმმა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობისას, სოფელ წკერესთან, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოებისას, სავარაუდოდ, მიწის მასის ჩამოშლის შედეგად, სამშენებლო კომპანიის ხუთი თანამშრომელი - თურქმენეთისა და ჩინეთის მოქალაქეები - ჩამოშლილი მასის ქვეშ მოყვნენ. ადგილზე ოთხი ცხედარი იპოვეს, ხოლო ერთი პირი კლინიკაშია გადაყვანილი.
0
0
ტრამპმა საკუთარი თავი იმპერატორად გამოსახა
24/11/2025