
EPP-ის რეზოლუცია წარმოადგენს პოლიტიკური შინაარსის დოკუმენტს და არ შეიძლება, გახდეს ბანკის მიმართ მოქმედების სამართლებრივი ან რეგულაციური საფუძველი, – ამის შესახებ აღნულია საქართველოს საბანკო ასოციაციის განცხადებაში
როგორც საბანკო ასოციაციაში აღნიშნავენ, ევროპარლამენტის რეზოლუციის ტექსტი არის პოლიტიკური შინაარსის დოკუმენტი და ის ბანკის მიმართ სამართლებრივი შედეგების დადგომას არ იწვევს, შესაბამისად, ქართუს სვიფტ სისტემიდან გამოთიშვა არ შეესაბამება რეალობას.
„გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მოცემული რეზოლუცია წარმოადგენს პოლიტიკური შინაარსის დოკუმენტს და ის არ შეიძლება, გახდეს ბანკის მიმართ მოქმედების სამართლებრივი ან რეგულაციური საფუძველი, საუბარი ქართუს სვიფტ სისტემიდან გამოთიშვაზე არ შეესაბამება რეალობას. „ქართუ“ ბანკი საერთაშორისო საფინანსო სისტემის ნაწილია და იცავს როგორც საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას, ასევე საერთაშორისო რეგულაციებს. აღნიშნული ფაქტის საფუძველზე პროგნოზების და ინტერპრეტაციების გავრცელებამ ადგილობრივი აქტორების და მედიის მიერ შესაძლოა, ხელი შეუშალოს საზოგადოების მიერ რეალური სურათის აღქმას და გამოიწვიოს ბანკის ფინანსური ზიანი“, – აცხადებენ ასოციაციაში.
„ევროპის სახალხო პარტიამ“ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელიც მოუწოდებს ევროპულ საბჭოს, განახორციელოს აუცილებელი ზომები ივანიშვილის ბანკი „ქართუს“ SWIFT-ისა და Visa/MasterCard-ის ქსელებიდან გათიშვისთვის და დააწესოს სექტორული სანქციები იმ ბიზნესების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ რეჟიმს, განსაკუთრებით მათ, რომლებიც სპილენძის მადნებსა და ფერად ლითონებთან დაკავშირებით საქმიანობენ.
0
0