
40 წელიწადი ვიცნობდი, სიკეთისა და სიყვარულის მეტი არაფერი არ მინახავს - ტკივილი ძალიან დიდია, მაგრამ ჩვენ შევიძინეთ ზეცაში კიდევ უფრო ძლიერი მლოცველი და მზრუნველი ადამიანი ქართველი ერისა, - ამის შესახებ საპატრიარქოსთან ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა მიქაელმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, პატრიარქი თავის საქციელით ქადაგებდა, ასევე, მდუმარებაში რომ იყო იმითაც ქადაგებდა, თუ როგორი უნდა იყოს მართლმადიდებელი ქრისტიანი.
„ეს არის ძალიან დიდი ტკივილი. ასეთი ადამიანი მე ცხოვრებაში არ მინახავს. წმინდა მამებზე რომ წამიკითხავს რაღაცები, ისეთი რჩევა-დარიგებები როგორი პიროვნებებიც იყვნენ, როგორ ზრუნავდნენ ხალხზე, როგორ ჰქონდათ გულში მართლმადიდებლური სარწმუნოება, მარტო პატრიარქში ვნახე ეგეთი რამ. 40 წელიწადი ვიცნობდი, სიკეთისა და სიყვარულის მეტი არაფერი არ მინახავს. სულ შენდობებითა და მოფერებით გვაკეთებინებდა ყველაფერს. ისეთი ნდობა გვქონდა, რომ ჩვენ გვიხაროდა ყველაფრის კეთება. ტკივილი ძალიან დიდია, მაგრამ ჩვენ შევიძინეთ ზეცაში კიდევ უფრო ძლიერი მლოცველი და მზრუნველი ადამიანი ქართველი ერისა. ისე წყნარად და მშვიდად წავიდა, არავინ არ შეუწუხებია. პატრიარქი თავის საქციელით ქადაგებდა, მდუმარებაში რომ იყო იმითაც ქადაგებდა როგორი უნდა იყოს მართლმადიდებელი ქრისტიანი. მე რა ხნისაც ვარ, არ მინახავს მისი განკითხვა და ვინმეზე ცუდი და აუგი ეთქვას. მინდა, რომ ჩვენ ყველანი ასე ვიყოთ და შევუსრულოთ პატრიარქს ერთიანობა ჩვენი ქართველი ერისა და ჩვენი სახელმწიფოს სიმტკიცე და სიძლიერე“, - განაცხადა მეუფემ.
0
0