
უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის მღვდელ-მონაზონი, ლეონ გელოვანი ზურაბ ჯაფარიძესთან დაკავშირებით მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის, გიორგი ჯამდელიანის განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ ადამიანი, რომელიც ფიზიკურ ძალადობას ამართლებს, იწონებს და სხვებს მოუწოდებს, სრულიად განშორებულია ქრისტიანულ რწმენას.
"ადამიანი, რომელიც ფიზიკურ ძალადობას ამართლებს, იწონებს და სხვებს მოუწოდებს კიდევ მსგავსის ჩადენისაკენ, სრულიად განშორებულია ქრისტიანულ რწმენას.
შესაბამისად, ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი), არა მხოლოდ მღვდელმთავრობისთვისაა შეუფერებელი და სამარცხვინო, არამედ მისი ქრისტიანულ საიდუმლოებებთან მიახლება მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, რაც საკუთარ, ქრისტიანული რწმენის მგმობ სიტყვებს გულწრფელად შეინანებს და ეკლესიის წიაღს ჭეშმარიტების რწმენით დაუბრუნდება." - წერს მამა ლეონი.
როგორც ცნობილია, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა, გიორგი ჯამდელიანმა, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მხარდაჭერას უცხადებს მოქალაქე სოსო მაისურაძეს, რომელმაც ზურა ჯაფარიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
"მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო სოსო მაისურაძეს, რომელმაც პასუხი გასცა ფსევდო ლიბერალური ღირებულებების მქონე, ჩვენი ტრადიციების მაგინებელ ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძეს, რომელიც მრავალი წელია პოლიტიკას ამოფარებული ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა და ერს ულანძღავს ყველაფერ წმინდას.
იმთავითვე ცხადი იყო, რომ ჩვენს საზოგადოებაში მისი პროვოკაციული საქმიანობა არ დარჩებოდა პასუხგაუცემელი.
მიუხედევად იმისა, რომ ქრისტიანული ეთიკისათვის მიუღებელია ყოველგვარი ძალადობა, მაგრამ ძალადობაა ისიც, რასაც ეს “ნეოლიბერალური” ორგანიზაციები ეწევიან ჩვენს ქვეყანაში", წერს ეპისკოპოსი.
ცნობისთვის, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერზე, ზურა ჯაფარიძეზე თავდამსხმელი დაკავებულია. ზურაბ ჯაფარიძეს 17 ივნისს, გორში, „სმარტთან“ თავს დაესხმა მამაკაცი, რომელმაც მოგვიანებით სოციალურ ქსელში თავად აღიარა ეს ქმედება.
0
0