
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით კასპის ტექნოპარკში ჰაკათონი Energo Hack 2025 გაიმართა.სემეკის მიერ დაფუძნებულმა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრმა, როგორც ჰაკათონის გენერალურმა პარტნორმა, თავის რჩეულ გუნდს - MeterLink-ს 5000 ლარის ოდენობის პრიზი გადასცა.
MeterLink არის Google-ს ღრუბლოვან დატა ბაზაზე დაფუძნებული IOT სისტემა, რომელიც სამომხმარებლო და ბიზნეს სექტორისთვის ამარტივებს ენერგეტიკული დანახარჯების აღრიცხვა-კონტროლს და მომხმარებელს აძლევს საშუალებას გამოიმუშაოს ენერგო დაზოგვის უნარები, შეამციროს ენერგეტიკული დანახარჯები. MeterLink აერთიანებს არსებულ მრიცხველთან დაკავშირებულ ჭკვიან სენსორიკას, კედლის საინდიკაციო მოწყობილობას (user interface)და სმარტფონის აპლიკაციას. ასევე, სურვილის შემთხვევაში დატა ბაზასთან წვდომა შესაძლებლებელია ჰქონდეს ენერგო მიმწოდებელ კომპანიებს დისტანციური აღრიცხვისა და კონტროლისათვის.
ჰაკათონ Energo Hack 2025-ის მიზანი იყო საქართველოს მასშტაბით ენერგეტიკის სექტორში პრობლემების/გამოწვევების გამოვლენა, შემდეგ კი მათი გადაწყვეტის მიზნით, ინოვაციური მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენება და კონკრეტული პროტოტიპების შექმნა. ჰაკათონის 60-მდე მონაწილე მთელი საქართველოდან, 38 საათის განმავლობაში, კასპის ტექნოპარკში ინტენსიურად მუშაობდა საკუთარ იდეებსა და პროტოტიპებზე. დასკვნით ეტაპზე კონკურსანტებმა 23 პროექტი კომპეტენტური კომისიის წინაშე წარადგინეს.
ჰაკათონი ასევე მიზნად ისახავდა პროექტში მონაწილე კომპანიებისა და ორგანიზაციების დაკავშირებას ინოვაციურ და ტექნოლოგიურ იდეებზე მომუშავე ადამიანებთან და მათ შორის ახალი საქმიანი ურთიერთობის ჩამოყალიბების სტიმულირებას; კომერციალიზაციის მქონე ინოვაციური/ტექნოლოგიური სტარტაპ იდეებისა და პროტოტიპების შექმნას; რეგიონებში მცხოვრებ დაინტერესებულ ადამიანებში ინოვაციური აზროვნების, უნარების განვითარებას; რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობის ზრდას საქართველოს ინოვაციურ და სტარტაპ ეკოსისტემაში.
Energo Hack 2025- ში მონაწილეობა მიიღეს ენერგეტიკის დარგის მწარმოებელმა კომპანიებმა, ენერგეტიკის დარგით დაინტერესებულმა მეწარმეებმა, სტარტაპებმა და სტუდენტებმა, პროტოტიპირებით, ინჟინერიით (განსაკუთრებით ენერგო/ელექტრო), პროგრამირებით, დიზაინითა და ტექნოლოგიური მეწარმეობით დაინტერესებულმა ინოვატორებმა.
ჰაკათონი დაფინანსდა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ. ჰაკათონის მხარდამჭერი იყო სემეკი; ჰაკათონის გენერალური პარტნიორი - სემეკის მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი; ჰაკათონის პარტნიორი ორგანიზაციები - სსე (საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემები), GRPC (საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია), ლურჯი ოკეანე, სოკარი.
0
0