13/12/2024
18:10
მსოფლიო
საფრანგეთში მემარჯვენე ცენტრისტული მთავრობის დაცემიდან სულ ერთ კვირაზე ოდნავ მეტი ხნის შემდეგ, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პრემიერ-მინისტრად ცენტრისტი პოლიტიკოსი ფრანსუა ბაირუ დაასახელა.
საფრანგეთის სამხრეთით, ესპანეთის საზღვართან მდებარე პატარა ქალაქ პოს მერი, 73 წლის ბაირუ, რომლის პარტიაც („დემოკრატიული მოძრაობა“) მაკრონის „რენესანსთან“ თანამშრომლობს, მაკრონის ნდობით აღჭურვილ პირად ითვლება.
მთავრობის დაცემიდან ერთ კვირაში ახალი პრემიერ-მინისტრის სწრაფი დანიშვნით მაკრონს სურს, რომ საფრანგეთი კიდევ უფრო ღრმად არ ჩავარდეს პოლიტიკურ კრიზისში და ეკონომიკურ სირთულეებში. სწრაფი დანიშვნა ასევე უნდა იყოს გარკვეული შვება საფრანგეთის საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რადგან მას მოაქვს იმედები, რომ მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულ წინასწარ შეთანხმებებს საფრთხე არ შეექმნება.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გუშინ დილით ვარშავაში ჩავიდა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ მან მოულოდნელად შეამოკლა ვიზიტი, უარი თქვა„ვარშავის აჯანყების მუზეუმის" მონახულებაზე, რაც წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი და პარიზში გაფრინდა. მოელოდნენ, რომ იგი მის მიერ დაანონსებული 48 საათიანი ვადის გასვლამდე დაასახელებდა ახალი პრემიერ-მინისტრის ვინაობას, თუმცა საღამოს ამ პროცესის პარასკევის დილისთვის გადადების შესახებ განაცხადეს.
0
0