
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ის გაემგზავრება ვაშინგტონში, რათა დაარწმუნოს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომ აშშ-ის ინტერესებში ამ მომენტში ევროპელებთან მუშაობაა და რომ ვლადიმერ პუტინის წინაშე რაიმე სისუსტის გამოვლენა გაართულებს ჩინეთსა და ირანთან ურთიერთობას.
„მე ვაპირებ, დონადლ ტრამპს ძირითადად ვუთხრა: თქვენ არ შეგიძლიათ, იყოთ სუსტი რუსეთის პრეზიდენტ პუტინის წინაშე. ეს არ არის თქვენს ინტერესებში. როგორ შეგიძლიათ მაშინ, იყოთ სანდო ჩინეთის პირისპირ, თუ თქვენ სუსტი ხართ პუტინის წინაშე? და თქვენ, ვისაც არ გსურთ, რომ ირანმა ატომური ბომბი მიიღოს, არ შეგიძლიათ, იყოთ სუსტი იმის წინაშე, ვინც მას ამაში ეხმარება. როგორ ახსნით, რომ ჩინეთს არ აქვს ტაივანის დაპყრობის უფლება და რუსეთს უნდა ჰქონდეს უკრაინის დაპყრობის უფლება? აი, ამას ვეტყვი მას. ვფიქრობ, ეს არგუმენტები, შეიძლება, წონიანი იყოს. ასევე, ვეტყვი მას, რომ მის ინტერესებშია ამ მომენტში ევროპელებთან მუშაობა, რადგან ევროპას აქვს ზრდის პოტენციალი, ეკონომიკური პოტენციალი და ამერიკელებთან თანამშრომლობის შესაძლებლობა“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა ვიდეოჩართვაში.
ემანუელ მაკრონმა ისაუბრა უკრაინაში არჩევნების ჩატარების სირთულეებზე საომარი მდგომარეობის გამო.
„ზელენსკი არის თავისუფალი სისტემის მიერ არჩეული პრეზიდენტი. ეს არ არის ვლადიმირ პუტინის შემთხვევა, რომელიც კლავს თავის ოპონენტებს და დიდი ხანია, არჩევნებს აყალბებს. ზელენსკის მოუწია საომარი მდგომარეობის შემოღება, რადგან მის ქვეყანაში ომია. როგორ ფიქრობთ, შეუძლია მას საპრეზიდენტო არჩევნების ან საპარლამენტო არჩევნების ორგანიზება ქვეყანაში, საიდანაც რამდენიმე მილიონი უკრაინელი საფრთხის გამო გაიქცა, ქვეყანაში, სადაც მობილიზებულია რამდენიმე მილიონი მოქალაქე, რომლებიც ფრონტზე არიან, სადაც დღეში 1000 მოკლული და დაჭრილია და სადაც რუსეთს ტერიტორიის დიდი ნაწილი აქვს დაპყრობილი?“ – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
მაკრონის განმარტებით, მოკავშირეებთან შეთანხმებული ფორმატის ფარგლებში, სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ, არ გამოირიცხება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში ჩართულობა. როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა განმარტა, ეს დაემსგავსება წარსულში სხვა პოსტკონფლიქტურ ტერიტორიებზე ნატო-ს წევრი ქვეყნების სამშვიდობო მისიებს, რომლებიც უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას ემსახურებოდნენ.
0
0