
მე ვარ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ. აქ მშვიდობიანი დემონსტრაცია იმართება, – ამის შესახებ ეუთო-ს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ამბობს.
ელინა ვალტონენის თქმით, აქციაზე იქ მყოფი ხალხის მხარდასაჭერად მივიდა.
„ბევრი ადამიანი მოდის, აფრიალებს ევროკავშირის, ნატო-ს დროშებს, როგორც ჩანს, ფინეთის დროშასაც, მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, საქართველოს დროშას. მიზეზი არის ის, რომ ეს ხალხი შეშფოთებულია იმ მიმართულებით, რომლითაც ეს ქვეყანა მიდის, რომელიც ართმევს ადამიანებს ძირითად თავისუფლებებს, დაწყებული გამოხატვის თავისუფლებითა და შეკრების თავისუფლებით. ცხადია, ეს ხალხი იმსახურებს ყველა ამ უფლებას და ჩვენ აქ ვართ, რომ მათ მხარი დავუჭიროთ“, – აცხადებს ელინა ვალტონენი.
ეუთო-ს თავმჯდომარე საკანონმდებლო ორგანოსთან აქციაზე მივიდა და შეკრებილებს გაესაუბრა.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე საქართველოს საგარეო უწყებაში იმყოფებოდა, სადაც მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის შემდეგ ელინა ვალტონენმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე მედიის შეკითხვებს უპასუხა.
ელინა ვალტონენი საქართველოში სომხეთიდან ჩამოვიდა და საქართველოდან აზერბაიჯანში გაემგზავრება.
0
0