04/05/2023
14:16
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ თბილისში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 29 აპრილს, თბილისში, ჰუალინგის დასახლებაში, ბრალდებულმა ნათესავ ქალს განსაკუთრებული სისასტიკით, ელექტროშოკით სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
„სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის შეფასების მიზნით, დაინიშნება სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,-აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0