02/02/2022
15:23
პოლიტიკა
აშშ და ნატო რუსეთს შეიარაღების კონტროლის საკითხზე დიალოგსა და ინციდენტების თავიდან აცილების ზომებს სთავაზობენ და მოსკოვს მოუწოდებენ, უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან თავისი ძალები გაიყვანოს.
„რუსეთმა თავისი შეიარაღებული ძალები უნდა გაიყვანოს უკრაინიდან, მოლდოვადან და საქართველოდან, სადაც მისი ძალები აღნიშნული ქვეყნების ხელმძღვანელობის თანხმობის გარეშე არიან განლაგებულნი“, - ნათქვამია ნატოს წერილობით პასუხში.
ალიანსი ასევე მოუწოდებს რუსეთს უკრაინაში სიტუაციის დაუყოვნებლივი დეესკალაციისკენ. ნაცვლად, აშშ და ნატო რუსეთს არსებით დიალოგს სთავაზობენ შეიარაღების კონტროლის სხაკითხზე.
ნატოს წერილობით პასუხში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ალიანსი მხარს უჭერს ღია კარის პოლიტიკას და რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკა.
აშშ-ის წერილობით პასუხში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ვაშინგტონი აგრძელებს ნატოს ღია კარის პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერას და, შესაბამისად, არ გამორიცხავს მომავალში უკრაინისა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას.
ვაშინგტონი ასევე მზად არის, რუსეთთან უკრაინის ტერიტორიაზე შეტევითი სახმელეთო ბაზირების სარაკეტო სისტემებისა და საბრძოლო მისიის მქონე რეგულარული ძალების არგანლაგება განიხილოს.
ამ მოლაპარაკებების წინაპირობად აშშ და ნატო რუსეთის მიერ უკრაინასთან დაკავშირებით ვითარების დეესკალაციას ასახელებენ.
„შეერთებული შტატების მთავრობის პოზიციაა, რომ ამ საკითხებში პროგრესის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ისეთ გარემოში, როდესაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მუქარის შემცველი ქმედებები განმუხტული იქნება“, - ნათქვამია ოფიციალური ვაშინგტონის წერილობით პასუხში.
17 დეკემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-სა და ნატოს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით მოთხოვნები წარუდგინა.
ოფიციალური მოსკოვი აშშ-სა და ნატოსგან ითხოვს:
- გამოირიცხოს ნატოს შემდგომი გაფართოება და უკრაინის ალიანსში გაწევრიანება
- არ განთავსდეს დამატებითი ჯარები და იარაღი იმ ქვეყნების გარეთ, სადაც ისინი 1997 წლის მაისის მდგომარეობით იმყოფებოდნენ
- უარი ითქვას ნატოს სამხედრო აქტივობებზე უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში
- არ განთავსდეს საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტები იქ, სადაც მათ შეუძლიათ მეორე მხარის ტერიტორიაზე დარტყმის განხორციელება
- არ ჩატარდეს წვრთნები ერთზე მეტ სამხედრო ბრიგადასთან შეთანხმებულ სასაზღვრო ზონაში და რეგულარულად მოხდეს ინფორმაციის გაცვლა სამხედრო წვრთნების შესახებ
- დადასტურდეს, რომ მხარეები ერთმანეთს არ მიიჩნევენ მოწინააღმდეგეებად და შეთანხმდნენ, რომ ყველა დავა მშვიდობიანი გზით გადაწყდება და თავი შეიკავონ ძალის გამოყენებისგან
- ვალდებულება, რომ არ შეიქმნება ისეთი პირობები, რომელიც მეორე მხარის მიერ საფრთხედ შეიძლება აღიქმებოდეს
- ცხელი ხაზების შექმნა საგანგებო კონტაქტებისთვის
0
0