
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო აცხადებს, რომ სლოვაკეთი არ დაუჭერს მხარს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს, თუ არ მიიღებს მკაფიო გარანტიებს, რომ მისი ქვეყანა ფინანსურად არ დაზარალდება ევროკავშირში რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტით. ამის შესახებ უკრაინული მედია ფიცოს ვიდეომიმართვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
შესაბამისად, სლოვაკეთის ლიდერი აცხადებს, რომ ხმას არ მისცემს სანქციების პაკეტს, რომლის დამტკიცებაც 11 ივლისს ევროკავშირის ელჩების შეხვედრაზე იგეგმებოდა. ამგავარად მან დაავალა სლოვაკეთის ელჩს, დაბლოკოს სანქციების მე-18 პაკეტი.
„ჩვენ უარს ვამბობთ სანქციების მე-18 პაკეტისთვის უბრალოდ ხმის მიცემაზე წინასწარი პირობების გარეშე. ჩვენი მხარდაჭერა დამოკიდებულია ჩვენი შეშფოთებების გადაწყვეტაზე გაზის ფასთან, მიწოდების უსაფრთხოებასთან და ზარალის კომპენსაციასთან დაკავშირებით, რომელიც მოგვადგება 2028 წლის პირველი იანვრიდან რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტის შედეგად“, – თქვა ფიცომ.
სლოვაკეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ ევროკომისიასთან სადავო საკითხები ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
სლოვაკეთის ლიდერის თქმით, ის ვერ დაუშვებს, რომ „უაზრო იდეოლოგიურმა ჟესტებმა, როგორიცაა რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტა, ჩვენს სახელმწიფოს სერიოზული ზარალი მიაყენოს“.
მან ასევე თქვა, რომ ევროკომისია ძალისხმევას მიმართავს სლოვაკეთისთვის გამოსავლის პოვნაზე.
„ზოგიერთ საკითხზე ჩვენ ახლოს ვართ შეთანხმებასთან, სხვებთან ჯერ შორს ვართ… გულწრფელად ვიმედოვნებ ევროკომისიასთან შეთანხმების სწრაფად მიღწევას, რაც გამოიწვევს რუსულ გაზზე ეტაპობრივი უარის შესახებ მისი წინადადების კორექტირებას იმგვარად, რომ სლოვაკეთი დაცული იყოს ყველაზე ცუდი შესაძლო შედეგებისგან“, – განაცხადა ფიცომ.
0
0