
„ეკვადორის მოსახლეობას, ქვეყნის მასშტაბით, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. 18 მილიონი ადამიანი რამდენიმე საათის განმავლობაში უშუქოდ დარჩა. ამჟამად, ქვეყნის ელექტროენერგიის 95% აღდგა,“ - განაცხადა მთავრობის მაღალჩინოსანმა.
დედაქალაქ კიტოში მეტროსა და შუქნიშნების მუშაობა შეჩერდა. ელექტროენერგიის აღდგენიდან მალევე, საზოგადოებრივი სამუშაოების მინისტრმა რობერტო ლუკემ განაცხადა, რომ აღნიშნული პრობლემა ენერგოსისტემაში ინვესტიციების არარსებობამ გამოიწვია.
„ეს ქვეყანაში შექმნილი ენერგეტიკული კრიზისის მტკიცებულებაა. წლებია, ამ სისტემაში ინვესტირება შეწყვეტილია და დღეს შედეგებიც სახეზეა,“- განაცხადა X-ზე ლუკემ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ზოგიერთ რაიონში სასმელ წყალზე წვდომაც შეწყდა. ასევე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანმანათლებლო დაწესებულებებში შეჩერდა სწავლის პროცესი.
როგორც ცნობილია, ეკვადორი ელექტროენერგიის უმეტეს ნაწილს მეზობელი კოლუმბიიდან იღებს.
0
0