ეკვადორი ლათინური ამერიკის მეორე ქვეყანაა კოლუმბიის შემდეგ, რომელმაც ევთანაზიის დეკრიმინალიზაცია მოახდინა. ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ, შვიდი ხმით ორის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ექიმებს უფლება ეძლევათ პაციენტს სიკვდილში დაეხმარონ. სასამართლოს განცხადებით, კლინიკებს აღნიშნული ქმედება ჰომიციდად აღარ ჩაეთვლებათ.
,,ამიოტროფული ლატერალური სკლეროზით დაავადებულმა პაოლა როლდანმა, რომელიც საწოლზეა მიჯაჭვული, აგვისტოში სასამართლოში სარჩელი შეიტანა. როლდანი სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლს აპროტესტებდა, რომლის მიხედვით, ევთანაზია მკვლელობად განიხილება, რაც 10-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ - იუწყება საინფორმაციო სააგენტო France-Presse-ი.
"მინდა მშვიდად განვისვენო. ის, რასაც მე განვიცდი მტკივნეული და სასტიკია", - განაცხადა პაოლა როლდანმა სასამართლო სხდომაზე ვიდეო-ჩართვის საშუალებით.
„ყველა ადამიანს შეუძლია მიიღოს თავისუფალი გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს სხეულის მძიმე დაზიანებით ან სერიოზული და განუკურნებელი ავადმყოფობით გამოწვეული ინტენსიური ტანჯვის შეწყვეტას“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
ევთანაზიის დეკრიმინალიზების შესახებ კანონპროექტი კონგრესმა უნდა დაამტკიცოს. აღნიშნულ პროცესს შესაძლოა მრავალი თვე დასჭირდეს.
რომის კათოლიკური ეკლესია, რომლის მოძღვრებასაც ეკვადორელთა უმეტესობა იცავს, ევთანაზიას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. კოლუმბიამ 1997 წელს ევთანაზია კანონიერად დაუშვა.
0
0