20/08/2023
20:32
მსოფლიო
The Associated Press ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ დასავლეთ აფრიკის რეგიონული ბლოკის დელეგაციასა და ნიგერის სამხედრო ხუნტას შორის 19 აგვისტოს გამართულმა დაახლოებით ორსაათიანმა მოლაპარაკებებმა თითქმის არანაირი შედეგი არ გამოიღო.
ECOWAS-ის დელეგაციასთან მოლაპარაკებებს პირველად დაესწრო ხუნტის ლიდერი, გენერალი აბდურაჰმან ტჩიანი. მან ბლოკისგან ეკონომიკური სანქციების მოხსნა მოითხოვა და თქვა, რომ მათ გამო ნიგერის მოსახლეობა იტანჯება.
შეხვედრის დროს ხუნტის ლიდერებმა ბლოკის უპატივცემულობისთვის ბოდიშიც მოიხადეს, თუმცა ბაზუმის აღდგენის შესაძლებლობა ისევ გამორიცხეს.
ECOWAS-ის დელეგაციასთან საუბრისას ტჩიანიმ გამოთქვა შეშფოთებაც, რომ საფრანგეთი, რომელსაც ნიგერში 1 500 ჯარისკაცი ჰყავს, აქტიურად გეგმავს ხუნტაზე თავდასხმას.
შეხვედრიდან მალევე, ტჩიანიმ სატელევიზიო მიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ქვეყანა სამოქალაქო მმართველობას სამი წლის შემდეგ დაუბრუნდება, აღნიშნულის განსახორციელებლად დეტალური გეგმა კი მომდევნო 30 დღის განმავლობაში, ეროვნული დიალოგის გზით შემუშავდება.
"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს წინაშე არსებულ ყველა გამოწვევას გადავლახავთ და კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად ერთად ვიმუშავებთ, რაც ყველას ინტერესშია". - თქვა ხუნტის ლიდერმა.
19 აგვისტოს მოლაპარაკება ნიგერის გარშემო დაძაბულობის დასაცხრობად და ქვეყანაში დემოკრატიულად არჩეული მთავრობის აღსადგენად მშვიდობიანი გზის მოსაძებნად ECOWAS-ის უკანასკნელი მცდელობა იყო. ბლოკი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის აღდგენას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამხედრო ინტერვენციით იმუქრება.
0
0
დღეს ალავერდობაა
28/09/2024