
თურქეთის პოლიციამ სტამბოლში, ოპოზიციურ ტელეარხ Halk TV-ის ოფისში რეიდი ჩაატარა. მედიის ინფორმაციით, არხის მმართველად დროებით თურქეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი დაინიშნა.
„შენობაში ასობით პოლიციელი შევიდა. Halk TV-ის შენობაში შესვლა აკრძალულია, სანამ მასში ჩხრეკა მიმდინარეობს“, – ნათქვამია ტელევიზიის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.
როგორც ცნობილია ტელეარხის პირდაპირი ეთერი დილის 06:30 საათზე შეწყდა, რის შემდეგაც ეთერში წინასწარ ჩაწერილი მასალის გაშვება დაიწყო.
Halk TV-ის პროგრამისტის, დენიზ ბაირამოღლუს განცხადებით, არხის მთავარმა პროდიუსერმა, სუატ თოქთაშმა მაუწყებლობის გასაგრძელებლად თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენელთან კამათი სცადა, მაგრამ ეთერის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.
მომხდართან დაკავშირებით თურქეთის ხელისუფლებას კომენტარი არ გაუკეთებია.
როგორც „როიტერი“ წერს, უფლებადამცველი ჯგუფები და დასავლეთის ქვეყნები თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავრობას ბოლო წლებში ადამიანის უფლებების გაუარესებისა და პრესის თავისუფლების შეზღუდვის გამო ხშირად აკრიტიკებენ. გამოცემის ცნობით, ბოლო პერიოდში თურქეთში რამდენიმე ოპოზიციურ თუ დამოუკიდებელ მედიასაშუალებას აკრძალვები, ჯარიმები და სხვა სახის შეზღუდვები დაეკისრა.
0
0