
ჩინეთის დედაქალაქ პეკინში, მასშტაბური სამხედრო აღლუმის წინა დღეს, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ორმხრივი მოლაპარაკებები დაიწყეს.
პუტინმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ ისინი „უპრეცედენტო დონეზეა“.
„ძვირფასო მეგობარო, მე და მთელი რუსული დელეგაცია სიამოვნებით ვხვდებით ჩვენს ჩინელ მეგობრებსა და კოლეგებს. ჩვენი მჭიდრო კომუნიკაცია ასახავს რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობების სტრატეგიულ ბუნებას, რომელიც უპრეცედენტოდ მაღალ დონეზეა. ჩვენ ყოველთვის ერთად ვიყავით მანამდეც და ახლაც ერთად ვრჩებით“, - განუცხადა პუტინმა სი ძინპინს Telegram-ის საშუალებით.
პუტინმა ასევე განაცხადა, რომ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტმა საფუძველი ჩაუყარა ახალ სისტემას, რომელიც ჩაანაცვლებს „მოძველებულ ევროცენტრულ და ევროატლანტიკურ მოდელებს“.
თავის მხრივ, სი ძინპინმა პუტინს განუცხადა, რომ „ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობებმა გაუძლო საერთაშორისო ცვლილებების გამოცდას“ და დასძინა, რომ პეკინი მზადაა, ითანამშრომლოს მოსკოვთან „უფრო სამართლიანი და გონივრული გლობალური მმართველობის სისტემის მშენებლობის ხელშესაწყობად“.
BBC-ის ინფორმაციით, ძინპინმა და პუტინმა დასავლეთის მთავრობები გააკრიტიკეს. სი ძინპინმა კონკრეტული ქვეყნების მხრიდან „დაშინების პოლიტიკა“ დაგმო, რაც, როგორც ჩანს, შენიღბული მინიშნებაა აშშ-ზე, ხოლო პუტინმა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით რუსეთის ინტერესი დაიცვა და კონფლიქტის გამოწვევაში დასავლეთი დაადანაშაულა.
3 სექტემბერს, სი ძინპინი ჩინეთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ სამხედრო აღლუმს უმასპინძლებს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, ჩინეთში იაპონელების კაპიტულაციის 80 წლისთავს ეძღვნება. სამხედრო აღლუმს ასევე დაესწრება ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი. დასავლელი ლიდერების უმეტესობა აღლუმზე არ გამოცხადდება, რადგან ისინი ეწინააღმდეგებიან უკრაინაში რუსული არმიის შეჭრას, რამაც პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების დაწესება განაპირობა.
0
0