30/01/2023
16:59
სამართალი
“გურამ და დავით კაკულიებს ჩვენ არ ვდებთ ბრალს, ბრალი დასდო პროკურატურამ, საგამოძიებო მხარემ, რომელმაც ათი ათასი ფურცელი დაგვიდო, როგორ გეგმავდნენ ეს ახალგაზრდები ნიკოს მკვლელობას. მე ყველაზე მეტად მინდა,რომ მათი სახელი არ ფიგურირებდეს ნიკოს მკვლელობასთან”, - ასე ეხმაურება „ინტერპრესნიუსთან“ ვერაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე გურამ კაკულიას მიერ პროცესზე გაკეთებულ განცხადებას, რითაც ის ამტკიცებს,რომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში მას და მის ძმას, დავით კაკულიას არანაირი შემხებლობა არ აქვთ.
როგორც იზა ომაძემ განმარტა, მისი ოჯახი კაკულიებს ცილს არ სწამებს და აზრადაც არ მოსვლიათ, რომ ნიკოს მკვლელობა შესაძლოა კაკულიებს მოსვლოდათ თავში.
იზა ომაძის თქმით, მისი შვილის მკვლელობიდან ათ წუთში, საქმეს მთაწმინდა-კრწანისის პოლიციამ კვალიფიკაცია მისცა, რომ შემკვეთები სწორედ კაკულიები იყვნენ.
როგორც ომაძე ამბობს, დაკვეთის შესახებ პოლიციასთან სწორედ გიორგი კავილაძემ განაცხადა, რომელიც მისი შვილის მკვლელობის ერთ-ერთი მსჯავრდებულია.
„მე, როგორც დედას ყველაზე მეტად მინდა, რომ ისინი ამ საქმის თანამონაწილეები არ იყვნენ. კავილაძის ოჯახი მათ პირდაპირ და ირიბად სდებდა ბრალს. კაკულიებს ჩვენ არ ვადებთ ბრალს, ბრალი დასდო პროკურატურამ, საგამოძიებო მხარემ, რომელმაც ათი ათასი ფურცელი დაგვიდო, როგორ გეგმავდნენ ეს ახალგაზრდები ნიკოს მკვლელობას. მე ყველაზე მეტად მინდა, რომ მათი სახელი არ ფიგურირებდეს ნიკოს მკვლელობასთან. მე მათ ვუსურვებ, რომ ძალიან ბედნიერები იყვნენ თავისი სიმართლით. როგორც ჩემი შვილი წარსდგა ღვთის წინაშე ისე წარდგებიან ისინიც. რაც შეეხება გიორგი კავილაძის ოჯახს, ამ ოჯახმა ათამდე ახალგაზრდას მოსდო ჩირქი. კავილაძის და ჭელიძის ოჯახს ქვეყანაში ცხოვრების მორალური უფლება არ აქვთ. ისინი არიან სპეცსამსახურების თანამშრომლები, განსაკუთრებით დედები და ეს პროცესი თავდაყირა მათ დააყენეს“, - განაცხადა იზა ომაძემ.
შეგახსენებთ,რომ 22 წლის ნიკო კვარაცხელია 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს. მომხდარზე პოლიციამ აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დააკავეს. სასამართლომ კი, აკო ჭელიძეს 17 წლით, გიორგი კავილაძეს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ნიკოს მკვლელობის გამოძიების ფარგლებში პოლიციამ ძმები, დავით და გურამ კაკულიებიც გამოჰკითხა, რომლებსაც ბრალი სხვა სისხლის სამართლის საქმეზე - სერგი ქურთიაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ. ორივე ძმა კავშირს გამორიცხავს, როგორც ქურთიაშვილის მკვლელობის მცდელობის საქმეში ისე, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში.
0
0