01/06/2022
13:28
სამართალი
ძმებ დავით და გურამ კაკულიებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯემალ კოპალიანმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას ბრალდების მხარე ითხოვდა.
პროკურორმა თამარ ყულიჯანიშვილმა განაცხადა, რომ კაკულიებს ბრალად ედებათ 27 მაისს არაყიშვილის ქუჩაზე განზრახ მკვლელობის მცდელობა ჯგუფურად. ბრალდების მხარის ვერსიით, 27 მაისს 16:30 საათზე კაკულიებმა სერგო ქურთიაშვილს მიაყენეს რამდენიმე ცეცხლნასროლი დაზიანება, გიორგი კაჭკაჭაშვილი კი დაიჭრა, კერძოდ, მაღაზიაში შევარდა მათ მიერ ნასროლი ტყვია.
ბრალდების განმარტებით, კაკულიებმა შეიძინეს იარაღი გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, რომელსაც ნაქირავებ ბინაში ინახავდნენ გორგასლის ქუჩაზე. მათ სახელმწიფო საზღვარი 2021 წლის ივლისიდან 2022 წლის 26 მაისამდე პერიოდში უკანონოდ გადაკვეთეს.
პროკურორის განცხადებით, არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, რადგან განზრახ მკვლელობის მცდელობა ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგაა მიმართული და მომეტებულია ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. მისივე განმარტებით, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ადამიანების უსაფრთხოების წინააღმდეგაა მიმართული, საზღვრის უკანონო კვეთა კი მიუთითებს, რომ დაკავებულები კანონებს არ ემორჩილებიან. პროკურორის თქმით, დაკავებული ძმები საბრძოლო მასალასა და ცეცხლსასროლ იარაღს არა მხოლოდ ინახავდნენ, არამედ ატარებდნენ.
ბრალდების მხარემ მტკიცებულებათა მოპოვების ხელშეშლისა და მოწმეებზე ზეწოლის საფრთხეზეც მიუთითა. ასევე, მიმალვის საფრთხეზე, რადგან წარდგენილი მუხლები მკაცრ სასჯელს, 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რაც შეეხება თავად დაკავებულებს, ძმებმა დავით და გურამ კაკულიებმა სასამართლო პროცესზე განაცხადეს, რომ არც ერთ წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმებიან და თავს დამნაშავედ არ ცნობენ.
დაცვის მხარემ დააყენა გირაოს შუამდგომლობა 10-10 ათასი ლარის ოდენობით, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 21 ივლისს ჩაინიშნა.
ძმები კაკულიები სამართალდამცველებმა გუშინ დილით ორთაჭალაში დააკავეს. პროკურატურამ დაკავებულებს ბრალდება რამდენიმე მუხლით წარუდგინა.
0
0