![main-img](https://spnews.io/storage/98550/conversions/01JM2Y6MRN1J79MVKTARVRFH9J-share.jpg)
ძალიან ვწუხვარ, რაც ითქვა დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მიერ რუმინეთის შესახებ, შესაძლოა, ეს მწვანე შუქი იყოს რუსეთისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ მონეტის ორ მხარეს ვხედავთ, რაც მოხდება უკრაინაში, რა თქმა უნდა, განსაზღვრავს დიდ წილს ჩვენი მომავლისა, თუმცა თქვენს მომავალსაც განსაზღვრავს. ზოგჯერ ევროპელები ასე ცხადად ვერ ხედავენ ამას და რაც მოხდება საქართველოში, ასევე განსაზღვრავს თქვენს მომავალს და განსაზღვრავს სომხეთის მომავალს და მის ევროპულ მომავალს. ასევე ეს ყველაფერი მოქმედებს შავი ზღვის რეგიონის მომავალზე, ყველა მსხვილმასშტაბიან ინფრასტრუქტურულ პროგრამასა და პროექტზე, რომელიც შავ ზღვას ეხებოდა. შეიძლება, ამან განსაზღვროს მომავალი არჩევნებისა სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში, რადგან რუსეთს თუ შეექმნება განცდა, რომ ეს კარგად მუშაობს, არც ისე ძვირი ჯდება, არ იღებ სანქციებს, როდესაც ასე იქცევი პატარა ქვეყნების მიმართ, არ გაქვს დიდი სამხედრო დანახარჯები, მაშინ, შესაძლოა, რუსეთმა ეს მეთოდი კიდევ სხვაგან გამოიყენოს. ძალიან ვწუხვარ, რაც ითქვა დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მიერ რუმინეთის შესახებ. შესაძლოა, ეს მწვანე შუქი იყოს რუსეთისთვის, რომ სხვა ქვეყანაშიც გამოცადოს არჩევნებთან მიმართებაში, რადგან ეს არის ჰიბრიდული გზა, ჰიბრიდული მეთოდი, რაც ბევრად მარტივია ისეთი ქვეყნისთვის, რომელიც იმართება კაგებეს აგენტით. მან იცის, რომ ეს უკეთესია, ვიდრე სამხედრო ჩარევა, უფრო მარტივია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, რომლის განცხადებებიც სინქრონული თარგმანის მიხედვით არის მომზადებული.
შეგახსენებთ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე რუმინეთის არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა: „მე გაოგნებული ვიყავი ცოტა ხნის წინ, როდესაც ყოფილი ევროკომისარი ტელევიზიაში მოხარული ჩანდა, რომ რუმინეთის მთავრობამ ახლახან გააუქმა მთელი არჩევნები. მან გააფრთხილა, რომ მოვლენები თუ გეგმის მიხედვით არ განვითარდება, ანალოგიური რამ შესაძლოა, გერმანიაშიც მოხდეს. ეს განცხადება შოკისმომგვრელია ამერიკელებისთვის. წლების განმავლობაში ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი, რასაც ვაფინანსებთ და მხარს ვუჭერთ, უკრაინის პოლიტიკიდან ციფრულ ცენზურამდე, ხორციელდებოდა ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებების სახელით, ხორციელდებოდა როგორც დემოკრატიის დაცვა, თუმცა როდესაც ვხედავთ, რომ ევროპული სასამართლოები აუქმებენ არჩევნებს და მაღალჩინოსნები იმუქრებიან სხვების გაუქმებით, ჩვენ უნდა დავსვათ კითხვა, ვინარჩუნებთ თუ არა ჩვენ შესაბამისად მაღალ სტანდარტს. ჩვენ უნდა გავაკეთოთ საუბარზე მეტი დემოკრატიული ღირებულებებისთვის“.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე რუმინეთის არჩევნების შესახებ ჯეი დი ვენსმა ასევე განაცხადა, რომ სიტუაცია ცუდად წარიმართა, როდესაც რუმინეთმა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა: „სიტუაცია ცუდად წარიმართა, როდესაც დეკემბერში რუმინეთმა გააუქმა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები სადაზვერვო სააგენტოს სუსტი ეჭვების საფუძველზე და კონტინენტური მეზობლების უზარმაზარი ზეწოლით. როგორც გავიგე, არგუმენტი იყო, რომ რუსულმა დეზინფორმაციამ გავლენა იქონია რუმინეთის არჩევნებზე. თუმცა, მე ვეტყოდი ჩემს ევროპელ მეგობრებს, შეგიძლიათ, გჯეროდეთ, რომ არასწორია, რომ რუსეთი ყიდულობს რეკლამას სოციალურ ქსელებში, რათა გავლენა მოახდინოს თქვენს არჩევნებზე. თქვენ შეგიძლიათ დაგმოთ ეს მსოფლიო დონეზე, თუმცა თუ თქვენი დემოკრატიის განადგურება შესაძლებელია რამდენიმე ასეული ათასი დოლარით ციფრულ რეკლამაში უცხო ქვეყნიდან, მაშინ ის არ ყოფილა ძალიან ძლიერი“.
0
0