16/05/2023
16:05
მსოფლიო
გერმანიის ქალაქ დრეზდენის სახელმწიფო მუზეუმიდან 129 მილიონი დოლარის ღირებულების ძვირფასეულობის ქურდობიდან ოთხი წლის შემდეგ, სასამართლომ დაკავებულებს განაჩენი გამოუტანა. როგორც ტელეკომპანია CBS News გერმანულ საინფორმაციო სააგენტო dpa-ზე დაყრდნობით წერს, ხუთ მათგანს 4-დან 6 წლამდე (ყველას ინფივიდუალურად) თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ერთ-ერთი დაკავებული კი გამართლდა.
BBC-ის ცნობით, ყველა მათგანი ცნობილი დანაშაულებრივი ოჯახური ქსელის, „რემოს კლანის" წევრია.
„ეს ზედმიწევნით დაგეგმილი ძარცვა იყო. დაჯგუფება, რომლის წევრებიც ბევრლინში ცხოვრობდნენ, რამდენჯერმე იმყოფებოდა ამ ადგილას და წინასწარ მოამზადა, თუ საიდან უნდა შეეღწიათ - მათ ჰიდრავლიკური საჭრელი მანქანის გამოყენებით დამცავი ფანჯრის გისოსები ჩამოხსნეს, შემდეგ კი ადგილზე დააბრუნეს. ამის შემდეგ, 2019 წლის 25 ნოემბერს, დილით ადრე მათ მუზეუმის სიახლოვეს ავტომატურ გამომრთველს ცეცხლი წაუკიდეს და როცა ახლომდებარე ქუჩებში შუქი ჩაქრა, ორი მამაკაცი შიგნით გადაძვრა“, - წერს გამოცემა.
კამერების ჩანაწერებმა ნაჯახით შეიარაღებული დამნაშავეები აღბეჭდა, რომლებსაც ნიღბები ეკეთათ. ისინი საგანძურით სავსე „მწვანე საცავში“ შევიდნენ და მინის ვიტრინები ჩაამსხვრიეს, რომ ძვირფასეულობა ხელში ჩაეგდოთ.
„ამის შემდეგ, მძარცველებმა ოთახში ქაფის ცეცხლმაქრი გაუშვეს, რომ კვალი წაეშალათ და აუდის მარკის ავტომობილში ჩასხდნენ, რომელიც მოგვიანებით, ავტოსადგომზე დატოვეს და ცეცხლი წაუკიდეს, მანამ ბევრლინში მიიმალებოდნენ“, - წერს BBC გამოძიებაზე დაყრდნობით.
ერთწლიანი გამოძიების შემდეგ, პოლიციამ ერთი პირი დააკავა. როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთი მძარცველი 2017 წელს ბერლინის მუზეუმიდან გიგანტური, 100 კილოგრამიანი ოქროს მონეტის ქურდობაზე იყო ნასამართლევი.
„მონეტა დღემდე არ უპოვიათ. ითვლება, რომ ის ნაწილებად დაშალეს, ანაც გადაადნეს“, - წერს BBC.
სამართალდამცველები შიშობდნენ, რომ 2019 წელს ნაქურდალ ძვირფასეულობასაც სამუდამოდ გაუჩინარება ელოდა, თუმცა, მათი ნაწილის დაბრუნება მას შემდეგ მოხერხდა, რაც სამმა დაკავებულმა კაცმა ქურდობა აღიარა და სასჯელის შემსუბუქების სანაცვლოდ, მათი ადგილმდებარეობა გაამხილა. მუზეუმში დაბრუნებულ ნივთებს შორის არის ბრილიანტებით მოჭედილი ხმალი.
თუმცა, რამდენიმე ძვირფასი ნივთი ისევ დაკარგულია, მათ შორის, ძალიან იშვიათი ბრილიანტი, სახელად „საქსონიის თეთრი ქვა“.
პოლიციამ გამოძიება მუზეუმის ოთხი თანამშრომლის წინააღმდეგ დაიწყო, რომლებიც ქურდების დახმარებასა და ძალიან ნელ რეაგირებაში იყვნენ ეჭვმიტანილი. თუმცა, გასულ წელს პოლიციამ საქმის ეს ნაწილი დახურა.
დღეისთვის, მუზეუმის უსაფრთხოების სისტემა გაძლიერებულია.
0
0