დონალდ ტრამპზე თავდასხმა დასაგმობია. არ შეიძლება, გონიერი ადამიანი იყოს, ვისაც ამ თავდასხმის ფატალურად დასრულების სურვილი ჰქონოდა, რადგან ეს მსოფლიოში ბევრ რაღაცას გამოიწვევდა. განსაკუთრებით, ამერიკაში, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, ერთადერთი, ვისაც თავდასხმა გაუხარდა, „ქართული ოცნებაა“.
„„ქართული ოცნება“ სიხარულით ამბობს, რომ თურმე „გლობალური ომის პარტია“ აღმოაჩინა. ის ლაწირაკი, ნაძირალა ბიჭი, რომელმაც ტრამპზე თავდასხმა განახორციელა, რომლის მოტივიც ნათელი არ არის, ამერიკის სპეცსამსახურებმაც კი არ იციან, ვინ არის, რა უნდოდა, „ქართულმა ოცნებამ“ უკვე გამოიძია და დაადგინა, რომ ეს იყო „გლობალური ომის პარტიის“ მიერ დაქირავებული ადამიანი. ახლა იტყვიან, თბილისში ბუშზე თავდასხმას ვინც ახორციელებდა, თურმე მასონები ჯერ კიდევ ოცი წლის წინ თბილისში ყოფილან. „ქართული ოცნების“ მხრიდან ეს ყველაფერი უზნეო საქციელია, რადგან ტრამპის საკითხს შიდა დაპირისპირებისთვის იყენებენ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
ცნობისთვის, ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესროლეს. შედეგად ის დაიჭრა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სროლის დროს დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე, კიდევ ორი მძიმე მდგომარეობაშია. აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პენსილვანიაში მომხდარი დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა იყო. ამასთან, საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს, რომ ტრამპზე თავდასხმაში მონაწილე პირი 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია. ოფიციალური პირების ინფორმაციით, ის განეიტრალებულია.
0
0