14/11/2024
10:15
მსოფლიო
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფლორიდის სენატორი მარკო რუბიო სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე წარადგინა.
„მარკო არის მეტად პატივსაცემი ლიდერი და თავისუფლების ძლიერი ხმა. ის იქნება ჩვენი ერის ძლიერი დამცველი, ჩვენი მოკავშირეების ნამდვილი მეგობარი და უშიშარი მეომარი, რომელიც არასდროს დაიხევს უკან ჩვენი მოწინააღმდეგეების წინაშე“, – აღნიშნულია ტრამპის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ტრამპის მიერ სახელმწიფო მდივნად წარდგენას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა თავად რუბიოც.
„როგორც სახელმწიფო მდივანი, ყოველდღიურად ვიმუშავებ პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგის განსახორციელებლად. პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით ჩვენ მივაღწევთ მშვიდობას ძალის მეშვეობით და ყოველთვის დავაყენებთ ამერიკელებისა და ამერიკის ინტერესებს ყველაფერზე მაღლა. მოუთმენლად ველოდები აშშ-ის სენატში ჩემი კოლეგების მხარდაჭერის მოპოვებას, რათა პრეზიდენტს ჰყავდეს თავისი ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის გუნდი, როდესაც ის 20 იანვარს თანამდებობას დაიკავებს“, – წერს რუბიო.
მარკო რუბიო აშშ-ის სენატში 2010 წელს აირჩიეს. მას შემდეგ ის ვაშინგტონისგან მკაცრი კურსის გატარებას მოითხოვდა ჩინეთის, ირანის, კუბისა და ვენესუელის მიმართ. რუბიო ჯერ კიდევ 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ გამოდიოდა რუსული ბანკების საერთაშორისო საგადახდო სისტემა SWIFT-იდან გათიშვის მოწოდებებით. 2022 წლის იანვარში, რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყებამდე, მან თავისი მოწოდება გაიმეორა. გარდა ამისა, რუბიომ მოითხოვა რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში პერსონალური სანქციების დაწესება ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის ხელმძღვანელობის სხვა წარმომადგენლების მიმართ.
რაც შეეხება რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ, დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ ბოლო დროს მარკო რუბიო სულ უფრო ხშირად უჭერს მხარს ტრამპს და იმეორებს, რომ ეს ომი ჩიხში შევიდა.
ბოლოდროინდელ ინტერვიუებში მარკო რუბიო ხაზს უსვამდა, რომ მოსკოვსა და კიევს შორის კონფლიქტი მოლაპარაკებების გზით უნდა მოგვარდეს და კიევს არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული მთელი ტერიტორიის დაბრუნებას შეძლებს.
რესპუბლიკელმა სენატორმა ასევე ხმა მისცა აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გამოყოფის წინააღმდეგ.
0
0