
დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ სატელეფონო საუბრისას ბენიამინ ნეთანიაჰუს გიჟი უწოდა. ერთ-ერთ პოდკასტში, ჟურნალისტის კითხვაზე, უწოდა თუ არა ისრაელის პრემიერ-მინისტრს „უბრალოდ გიჟი“ ტრამპმა დადებითად უპასუხა.
„დიახ, ვუთხარი. ვერ ვიტყოდი, რომ გაბრაზებული ვარ. იცით, ცოტა შეშფოთებული ვიყავი იმით, რომ ის მუდამ ეჩხუბება ლიბანს. რაღაც მომენტში მე მას ვუთხარი: ბიბი, უნდა გავჩერდეთ“, – აღნიშნა ტრამპმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს.
მისი თქმით, ირანთან ომი რომ არ დაეწყო, „ისრაელი ახლა არ იქნებოდა“.
„არ შეგვიძლია, მათ უფლება მივცეთ, რომ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ. ეს ისრაელს ეხება, რადგან ისინი ალბათ პირველები იქნებოდნენ, ვინც დარტყმას მიიღებდა. ისრაელი აღარ იქნებოდა“, – განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის, გუშინ გამოცემა „აქსიოსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მწვავედ გააკრიტიკა. როგორც გამოცემა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერდა, აშშ-ის პრეზიდენტმა ისრაელის ლიდერს „გიჟი“ და „უმადური“ უწოდა.
0
0