
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფები 47%-მდე შეამცირა, - ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე დაყრდნობით ავრცელებს.
დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან შეხვედრა „შესანიშნავი“ იყო.
მისი თქმით, აშშ-ში ფენტანილის შეტანის გამო ჩინეთის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფები 10%-ით შეამცირა, რის შედეგადაც, სულ, ჩინეთის წინააღმდეგ 57%-იანი ტარიფების ნაცვლად, 47%-იანი ტარიფები იმოქმედებს.
„როგორც იცით, ჩინეთს 20%-იანი ტარიფი დავუწესე ფენტანილის შემოტანის გამო, რაც დიდი ტარიფია. მე ეს 10%-ით შევამცირე“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე.
ამასთან, ტრამპის ცნობით, სი ძინპინთან სავაჭრო შეთანხმებას მიაღწია, რომლის გაფორმებაც მალე მოხდება.
„ვფიქრობ, ხელს საკმაოდ მალე მოვაწერთ, თუ სერიოზული დაბრკოლებები არ წარმოიქმნება. ეს ერთწლიანი შეთანხმებაა, რომელიც ერთი წლის შემდეგ გახანგრძლივდება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
0
0