
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელევიზიით გადაცემული ეროვნული მიმართვა ირანში მიღწეული „გამანადგურებელი გამარჯვებებით“ დაიწყო და აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაცია წარმატებულად გამოაცხადა.
„ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა ბრძოლის ველზე მიაღწიეს სწრაფ, გადამწყვეტ და გამანადგურებელ გამარჯვებებს – გამარჯვებებს, რომელთა მსგავსი აქამდე ძალიან ცოტას უნახავს. დღეს ირანის საზღვაო ძალები აღარ არსებობს. მათი საჰაერო ძალები განადგურებულია. მათი ლიდერები დაღუპულები არიან. „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მართვა და კონტროლი ამ წუთებში ნადგურდება. მათი რაკეტებისა და დრონების გაშვების უნარი მკვეთრად არის შემცირებული“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამასთან, დონალდ ტრამპის თქმით, აქამდე ომის ისტორიაში მტერს არასდროს განუცდია ასეთი მასშტაბური დანაკარგები მხოლოდ რამდენიმე კვირის განმავლობაში.
„ომის ისტორიაში არასდროს ყოფილა, რომ მტერს ასეთი აშკარა და დამანგრეველი, მასშტაბური დანაკარგები განეცადა სულ რამდენიმე კვირაში“, – აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ომის მიზნები დასასრულს უახლოვდება.
„დღეს სიამოვნებით ვაცხადებ, რომ ძირითადი სტრატეგიული მიზნები დასასრულს უახლოვდება. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ამერიკის ყველა სამხედრო მიზნის მალე დასრულების გზაზე ვართ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მას ეროვნული მიმართვის დროს სამხედრო კამპანიის დასრულების ვადები არ დაუსახელებია, თუმცა ტრამპმა მანამდე განაცხადა, რომ ეს შეიძლება „საკმაოდ სწრაფად“ მოხდეს. მანამდე დაასახელა დაახლოებით 2-3 კვირის ვადა.
0
0